ანგელა მერკელი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიუნსტერში თავდასხმისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ
გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში მომხდარ თავდასხმას გერმანიის კანცლერი და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ. კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ის შეძრწუნებულია მიუნსტერში განვითარებული მოვლენებით.
„ახლა ყველაფერი გაკეთდება, რომ დანაშაული დროულად გამოიძიონ და დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა გამოუცხადონ“ – ნათქვამია მერკელის განცხადებაში.
გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც.
„ჩემი ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახის წევრების გვერდით ვდგავარ. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
შუადღისას გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ცენტრში ავტომობილი გამვლელებს შეეჯახა. დაიღუპა სამი და დაშავდა 20 მოქალაქე. 6 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მედიის ცნობით, ის გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.