ანგელა მერკელი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიუნსტერში თავდასხმისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ
ანგელა მერკელი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მიუნსტერში თავდასხმისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებენ

გერმანიაში, ქალაქ მიუნსტერში ​მომხდარ თავდასხმას გერმანიის კანცლერი და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ. კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ის შეძრწუნებულია მიუნსტერში განვითარებული მოვლენებით.

„ახლა ყველაფერი გაკეთდება, რომ დანაშაული დროულად გამოიძიონ და დაზარალებულებს და დაღუპულთა ოჯახებს მხარდაჭერა გამოუცხადონ“ – ნათქვამია მერკელის განცხადებაში.

გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმაც.

„ჩემი ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახის წევრების გვერდით ვდგავარ. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

შუადღისას გერმანიის ქალაქ მიუნსტერის ცენტრში ავტომობილი გამვლელებს შეეჯახა. დაიღუპა სამი და დაშავდა 20 მოქალაქე. 6 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. მედიის ცნობით, ის გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.