ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დაავადებების წარმომავლობის დასადგენად მსოფლიო უკეთესად მომზადებული უნდა იყოს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ დაავადებების წარმომავლობის დასადგენად მსოფლიო უკეთესად მომზადებული უნდა იყოს. როგორ სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ გერმანიის ლიდერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ანგელა მერკელი ასევე მიესალმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საშიშ პათოგენებზე მომუშავე მრჩეველთა ჯგუფის შექმნას.
„ჩვენ უკეთესად აღჭურვილები უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე ეხება დაავადებებისა და ეპიდემიების წარმომავლობის დადგენას“, – აღნიშნა ანგელა მერკელმა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფრო საიმედო დაფინანსებას მხარდაჭერა გამოუცხადა და ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების შექმნას ემხრობა.