ანდრია ჯაღმაიძე - შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ მეუფე შიოს შემთხვევა არის ყოფითი, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც
ანდრია ჯაღმაიძე - შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ მეუფე შიოს შემთხვევა არის ყოფითი, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა. მისივე თქმით, საპატრიარქოში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ ჩატარებულა, თუმცა მალე ჩატარდება.

„მუხლებში ვერ ვერკვევი, ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და მე ვარ გამოკითხული. ძალიან ზოგადად, რაც მაქვს საჯაროდ ნათქვამი, დაახლოებით იმის ირგვლივ ვისაუბრეთ. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან საპატრიარქოში. როცა ჩვენ კერძოდ გვინდოდა, ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, კითხვაზე საპასუხოდ ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც აყენებდნენ საქმის კურსში. ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ანალიზის პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება, სავარაუდოდ, გერმანიაში ახალი ანალიზების გაგზავნა.

ანდრია ჯაღმაიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული მეტალების შემცველობა დოზაზე გადაჭარბებული იყო.

„არ დავასახელებ, ჯერ არ ვიცი, სწორად მოვიქცევი თუ არა, რომ დავასახელო. გადაჭარბებული იყო რამდენჯერმე“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე კითხვის პასუხად აცხადებს, რომ მოწამვლაზე ეჭვი ძალაში რჩება.

„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. შესაძლოა, საბოლოოდ დადგინდეს, რომ არის რაღაც ყოფითი შემთხვევა, თუმცა რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც“, – განაცხადა ანდრია ჯაღმიძემ.

გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ მიიტანეს ეჭვი მოწამვლაზე.

„სისუსტის პერიოდი როდესაც გრძელდება და გიწევს გამორიცხვის მეთოდით რაღაცების კეთება, ერთ-ერთი ეტაპი არის ანალიზი. ეს შეიძლება, ნებისმიერმა ჩვენგანმა დროთა განმავლობაში გავიკეთოთ, ისედაც რეკომენდირებულია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს დამლაგებლის, რუსუდან მაისურაძის გარდაცვალებას მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლას ახლა ვერ უკავშირებენ.

„ვერ ვუკავშირებთ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. რამდენიმე კვირა სჭირდება საბოლოო ექსპერტიზას. გუშინ გვქონდა პირველი შეხვედრა გამოძიებასთან და რა მიმართულებით გააგრძელებენ, არ ვიცი, ალბათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. გამორიცხული არაფერია, თუმცა არც ამის საშუალება არ არის, რომ ახლა ვამტკიცოთ რომელიმე ვერსია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, – „შორენა თეთრუაშვილით თუ დიანტერესდა გამოძიება?“ – ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს: „არა, მიკვირს, ვინ წამოჭრა ისევ ეს თემა. მაშინ სულ სხვა კონტექსტში იყო, ქალბატონი შორენა იყო დაზარალებული და ახლა ძალიან მიკვირს, რატომ სვამთ ამ შეკითხვას, სხვა ვიღაცაც ხომ შეიძლება, დაასახელოთ. არანაირი საფუძველი არ არის ამაში“.

რაც შეეხება კითხვას, – „შეიძლება იყოს შიდა გავლენების და ძალების დაპირისპირების მიზეზი?“ – ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს: „ჩვენ მოვისმენთ მრავალ ვერსიას, მრავალ ჭორს და, სინამდვილეში, არასდროს არ იარსებებს ამისი რაღაც საფუძველი, ალბათ ძნელია ამის თქმა. მედიასაშუალება არის თუ ცალკეული ჟურნალისტები, შეიმჩნევა, თითქოს არის მცდელობა, შიგნით მოხდეს ერთმანეთთან დაპირისპირება და უნდობლობა, თვითონ იმ ახლო წრეში, რომელიც მეუფესთანაა დაკავშირებული. ტყუილი მცდელობაა. ვხედავთ ტენდენციას, რომ ვიღაცები ცდილობენ, შეიტანონ ეს დისონანსი, ფუჭია, არაფერი სასარგებლო შედეგი ამას არ მოჰყვება“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მეუფე შიოს მდგომარეობასთან დაკავშირებით მაისიდან დაიწყო კვლევა და ამ ამბის გასაჯაროებით კვლევის პროცესი დაზიანდა.

„მაისიდან დავიწყეთ კვლევა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ მოგვინდომებია ამ ამბის გარეთ გამოტანა. ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა, განზრახ, ნებსით თუ უნებლიეთ, რეალურად ეს კვლევის პროცესი დააზიანა, რადგან სჯობდა დაკვირვება სხვაგვარად. მსგავსი ვერსია თუ განვითარდა, რომ ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი საჯარო განხილვები ამ პროცესს აზარალებს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე შიო ახლა თავს კარგად გრძნობს. „სრულიად შრომისუნარიანია და შეზღუდული არ არის მსახურებაში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში. დღეს ვნახეთ ეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, – „ამ საკითხით ხომ არ დაინტერესებულა რუსეთის საპატრიარქო?“ – ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მას არავინ დაკავშირებია.

რამდენიმე ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაციას, შესაძლოა, ჰქონდეს ნაწილობრივი საფუძველი, რადგან სისხლის ანალიზში მძიმე მეტალების დაშვებულზე მეტი შემცველობა აღმოჩნდა“. მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.