ანდრია ჯაღმაიძე – მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მტკივნეული საკითხების მოსაგვარებლად შესაძლოა, გარკვეული გზები გამოინახოს

23:36, 30.09.2026

მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს, რომ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში სტუმრად ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია. ვოლოკოლამის მიტროპოლიტის ანტონის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობს საგარეო ურთიერთობებს მოსკოვის საპატრიარქოსას. შედგა საუბარი. საუბარი, რა თქმა უნდა, ეხებოდა იმას, რომ მოსკოვის საპატრიარქოსგან და მოსკოვის პატრიარქისგან იყო მილოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო მესამისადმი, მისი პატრიარქად გამორჩევასთან დაკავშირებით.საუბარი ძირითადად შეეხო იმ უმთავრეს პრობლემურ საკითხებს, რომელიც საქართველოს ეკლესიას გააჩნია ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ძირითადი პრობლემა, რომელიც ორ ხალხს შორის ურთიერთობას ნეგატიური კუთხით ავითარებს და უდევს საფუძვლად. ამიტომ გზები არის საპოვნელი, რომ გადაილახოს ურთიერთობებში დამაბრკოლებელი პრობლემები. ითქვა, რომ ეს არის მოუშუშებელი ჭრილობა საქართველოს ეკლესიისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ორივე მხრიდან იქნა აღნიშნული რომ არსებობს გარკვეული რესურსი, რომ ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო ცხოვრებას ორივე რეგიონში მოაწესრიგებს. გაიხსენეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობა და ღვაწლი. ასე რომ, მთლიანობაში ეს შეხვედრა იმედს ტოვებს, რომ შესაძლოა, შემდგომში გარკვეული ნაბიჯები და გზები გამოინახოს, რომ ამ მტკივნეულ საკითხებს რაიმე პოზიტივი შეემატოს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია, სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მიიღო.

მსგავსი