საპატრიარქო – მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რა შეიძლება, გაკეთდეს ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობის დასამყარებლად
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მიიღო.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საპატრიარქო რეზიდენციაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი), მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ალექსანდროვი.
სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა გამოინახოს გზები, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობა ჰქონდეს, ადგილობრივ მრევლთან ურთიერთობა დაამყაროს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.