ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ორი მხარე აქვს
ანდრია ჯაღმაიძე - დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი ძალიან უსიამოვნო სანახავი იყო, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ამას ორი მხარე აქვს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ტერიტორიაზე ინციდენტთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომლის შესახებაც სინოდის სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

მისივე თქმით, დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი უსიამოვნო სანახავი იყო, თუმცა აღნიშნულ ფაქტს ორი მხარე აქვს.

კერძოდ, ჯაღმაიძის შეფასებით, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს, მიუხედავად გარემოებისა, რომელსაც ამ შემთხვევაში პროვოკაციულად აფასებს.

„ეს არ არის ის საკითხი, რომ სინოდმა იმსჯელოს. დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, სასულიერო პირი საეკლესიო ქცევის ნორმებში უნდა დარჩეს მიუხედავად გარემოებებისა. მეორე მხრივ,  ამ შემთხვევაში, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ამას ვაფასებთ როგორც პროვოკაციას.

ივერი მელაშვილი არის ბრალდებული, გამოსული გირაოთი და სავარაუდოდ, იმ პირობით, რომ არ ექნება მცდელობა მოწმეებზე ზეგავლენისა, ამიტომ მისი ჩასვლა იმ ადგილას, სადაც სავარაუდო დანაშაული აქვს ჩადენილი, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება როგორც პროვოკაცია, ამიტომ ეს ორი მხარე აქვს გუშინწინდელ ინციდენტს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, ვის მიმართ შეიძლება მოეხდინა ზეგავლენა ივერი მელაშვილს, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ დავით გარეჯში მცხოვრები ბერები მოწმეები არიან.

„მაინც და მაინც იმ დღეს, როდესაც არის ხალხმრავლობა, როდესაც დღესასწაულია, დავით გარეჯის იმ ბერების ხსენების დღეა, რომლებიც ცხოვრობდნენ საკნებში, სადაც ვეღარ გადავდივართ იმის გამო, რომ კომისიამ ხელი მოაწერა თხემზე საზღვრის გავლებას და ამაში ედება მას ბრალი, ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში იქ ჩასვლა არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. მე მგონია, ასეთი აზრი არსებობს, რომ შეიძლება, თავად ივერი მელაშვილი არც გეგმავდა იქ ჩასვლას, ეს არის „მთავარი არხის“ დაგეგმილი. ალბათ, მამები შეინანებენ, რადგან ეს ცალსახად არის საეკლესიო ქცევებიდან გადაცდენა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ და დასძინა, რომ ჯერჯერობით გაფრთხილება არ ყოფილა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმა მოხდა, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა.