ანდრია გვიდიანი - კონგრესმენ მალინის განცხადება ნაკარნახევია პირადი ინტერესით, ის ლობირებს კომპანია „ფრონტერას“ და ამაში გასამრჯელოს იღებს
ანდრია გვიდიანი - კონგრესმენ მალინის განცხადება ნაკარნახევია პირადი ინტერესით, ის ლობირებს კომპანია „ფრონტერას“ და ამაში გასამრჯელოს იღებს

კონგრესმენ მალინის განცხადება ნაკარნახევია პირადი ინტერესით, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ის ლობირებს ოფიციალურად კომპანია „ფრონტერას“ და ძალიან მარტივად, ამაში გასამრჯელოს იღებს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი „ფეისბუქზე“ წერს.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრი, მარკუეინ მალინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.

„ვინც კონგრესმენ მალინის განცხადებით აღშფოთებული ხართ, მათ საყურადღებოდ! პირადად ჩემთვის გიორგი გახარიასადმი კონგრესმენ მალინის წერილი არანაირი მოულოდნელობა არ იყო. პირიქით, ის გამიკვირდებოდა, რომ მას მსგავსი შინაარსის წერილი არ გამოექვეყნებინა. საზოგადოებამ არ იცის და საჭიროდ მივიჩნევ ორიოდე სიტყვით განვმარტო და მივაწოდო სწორი და ამომწურავი ინფორმაცია ბატონი კონგრესმენის და, ზოგადად, ამ ამბის შესახებ.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კონგრესმენის წერილის ძირითადი აქცენტი საქართველოში მოქმედი კომპანიის „ფრონტერა რესურსის“ შესახებ იყო. ამასთან, ეს წერილი მაქსიმალურად დამძიმებული და გაბუქებული იყო პოლიტიკური ნარატივითაც.

ახლა საქმე რაშია – როგორც იცით, აშშ-ში ლობისტური საქმიანობა ლეგალური და გამჭვირვალეა. შესაბამისად ცნობილია, რომ ბატონი მალინი არის ფრონტერას ოფიციალური ლობისტი. ის იღებს ხელფასს ამ კომპანიის ლობირებაში და მისი ინტერესების გატარებაში. ესეც ფაქტი იხილეთ ლინკი – https://www.opensecrets.org/orgs/toprecips.php…

მსუბუქად რომ ვთქვა, კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად.

ახლა რაც შეეხება კომპანია ფრონტერას – როგორც იცით, ფრონტერა საქართველოში გაკოტრდა და ის ძალიან ბევრი არგუმენტით, დადანაშაულებული იყო თაღლითურ გარიგებებში, ხოლო ამჟამად საქართველო ამ კომპანიასთან სტოქჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში აწარმოებს საერთაშორისო დავას. შესაბამისად, კონგრესმენს ის კი არ ადარდებს, რასაც წერს, ის ადარდებს, რომ მისმა დალობირებულმა კომპანიამ სრული კრახი განიცადა ჩვენ ქვეყანაში და დიდი ალბათობით, წააგებს საერთაშორისო დავასაც საქართველოსთან.

გარდა ამისა, როგორც ვიცი, 2019 წლის ბოლოდან კომპანია „ფრონტერა“ მისი თანამშრომლების სახელფასო დავალიანებასაც კი აღარ ისტუმრებს, რაც იწვევს პერიოდულ გაფიცვებს თანამშრომლების მხრიდან.

რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ ამას არ იტყვის იმდენად, რამდენადაც მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის ეს შეუსაბამოა. გარდა ამისა, იმ ფაქტის აღიარება, რომ აღნიშნული წერილის ძირითადი პათოსი ფრონტერას ეხება, არაფერში აწყობს.

მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“ ღიად ამ პოზიციას ვერ დააფიქსირებს, რადგან ერთი კონკრეტული კონგრესმენის პირადი ინტერესების გამო სტრატეგიულ პარტნიორთან არ ღირს რაიმე გაურკვევლობა.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, კონგრესმენ მალინის განცხადება ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესით, მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ის ლობირებს ოფიციალურად კომპანია „ფრონტერას“ და ძალიან მარტივად, ამაში გასამრჯელოს იღებს“,- წერს გვიდიანი.

დატოვე კომენტარი