ანდრია გვიდიანი - იუნისეფ-მა დაადასტურა, რომ პანდემიის პირობებში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების პაკეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი
ანდრია გვიდიანი - იუნისეფ-მა დაადასტურა, რომ პანდემიის პირობებში 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების პაკეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი

პანდემიის პირობებში, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის პოზიტიურად და ეფექტიანად შეფასებული, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ანდრია გვიდიანმა საქართველოში სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესახებ კვლევის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს მთავრობამ და გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ერთობლივად წარადგინეს.

მისი თქმით, გაერო-ს ბავშვთა დაცვის ფონდმა დღევანდელი კვლევის მიხედვით დაადასტურა, რომ ის სოციალური პაკეტები, რაც ხელისუფლებამ გამოყო მოქალაქეებისთვის, ეფექტიანია და შესაბამისად, ეს დახმარებები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიით გამოწვეული ზიანი მიიღო.

„მათ შორის, ყურადღება გამახვილდა 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარებაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ბავშვებში შემცირდეს სიღარიბე და მათ შორის, შეუმსუბუქდეთ პანდემიით გამოწვეული ზიანი ნულიდან 17 წლის ჩათვლით ბავშვებს. ამ თვალსაზრისით, იუნისეფ-მა დაადასტურა, რომ სწორედ ეს პაკეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტიანი. მათ შორის, ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად გაამარტივებს და შეამსუბუქებს ამ ადამიანების ცხოვრებას. ასევე იყო მოდელირება სხვადასხვა სცენარებით. ბუნებრივია, წინასწარ არ შეგვიძლია ამ პროგნოზების შეფასება, თუმცა ნებისმიერი პროგნოზის შემთხვევაში და ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში, უკვე განხორციელებული და გადადგმული ნაბიჯები სოციალური პაკეტების შეთავაზების თვალსაზრისით ეფექტიანად იქნა შეფასებული“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.