ნატო 70 წლის გახდა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის იუბილეზე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ეხებოდა. ამ წერილში გამოთქმულ მოსაზრებებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
პირველ რიგში, მინდა, გთხოვოთ, შეაფასოთ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები და გვითხრათ, თქვენი აზრით, რა არის მთავარი მიზეზი, რაც ხელს უშლის საქართველოს, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი?
– საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები ახლა უმაღლეს დონეზეა. ბოლო წლებში ეს ურთიერთობები გაუმჯობესდა. საქართველო სულ უფრო მეტ მოთხოვნას ასრულებს, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. ეს ეხება როგორც სამხედრო შესაძლებლობებს, ასევე საქართველოს წვლილს ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში, ნატო-საქართველოს კომისიაც ძალიან კარგად მუშაობს. საქართველო აკმაყოფილებს თითქმის ყველა პირობასა და მოთხოვნას, რათა გახდეს ნატო-ს წევრი. მთავარი დაბრკოლება ამ გზაზე არის ტერიტორიული დავა რუსეთთან, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ ეხება.
თქვენს სტატიაში საუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია, გახდეს ალიანსის წევრი კვიპროსის მაგალითზე. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ეს და რამდენად ექნება ამ იდეას მხარდაჭერა ნატო-ში?
– რა თქმა უნდა, იქნება ბევრი სკეპტიციზმი, მაგრამ ვგულისხმობ შემდეგს. ჩვენ ვიცით, რომ ნატო-ში არ არიან მოწადინებული, მოუგვარებელი დავების იმპორტი მოახდინონ, როგორიცაა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რადგან ეს ნეგატიურად იმოქმედებს ნატო-ს მეხუთე მუხლზე, რომელიც ამბობს, რომ ალიანსის მოკავშირეები ვალდებული არიან, დაიცვან ის წევრი, რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდება რუსეთისგან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან. ამიტომ, ცხადია, რომ ეს იქნება გამოწვევა, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. მაგრამ, თუ ჩვენ საჯაროდ ვაღიარებთ, რომ ეს არის წინაღობა და ბარიერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, მაშინ ეს ნიშნავს, რომ პუტინს ექნება დე ფაქტო ვეტო და საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პირობებში, რუსეთი დაბლოკავს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. ერთადერთი გზა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად არის საქართველოსთან ისე მოქცევა, როგორც ევროკავშირი მოიქცა კვიპროსის შემთხვევაში. ჩვენ უნდა დავთანხმდეთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, როგორც ევროკავშირი დათანხმდა კვიპროსის მიღებას, მაგრამ ამავე დროს განვაცხადოთ, რომ ნატო-ს წესები, ვალდებულებები, მათ შორის მეხუთე მუხლიც არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე, როგორც ევროკავშირის წესები არ ვრცელდება კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილზე.
როგორ შეაფასებდით დღეს 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რა დროსაც საქართველომ და უკრაინამ წევრობის სამოქმედო გეგმის ნაცვლად მიიღეს მხოლოდ დაპირება, რომ ორივე ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი. ეს შეცდომა იყო?
– დიახ, ჩემი აზრით, ეს იყო შეცდომა. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემას, მაგრამ სამწუხაროდ, ნატო-ს ელჩებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამით, ჩემი აზრით, ჩვენ სახიფათო გზავნილი გავაკეთეთ. ვაჩვენეთ პუტინსა და მედვედევს, რომ ნატო სუსტია. შედეგად, 2008 წელს ისინი თავს დაესხნენ საქართველოს და მოახდინეს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაცია. ჩემი აზრით, ეს არ მოხდებოდა, თუ ჩვენ მოსკოვს მკაფიო სიგნალს გავუგზავნიდით და საქართველოსა და უკრაინას ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას მივანიჭებდით. ეს ნამდვილად იყო შეცდომა.
შეგიძლიათ, გვითხრათ თქვენი მოსაზრება ნატო-ს წევრების მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის შესახებ და ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი ალიანსისთვის?
– შავი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობა ნატო-ს უსაფრთხოებისთვის სულ უფრო გაიზრდება. რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ აზოვის ზღვაში არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ეს რეგიონი რუსეთისთვისაც სტრატეგიულია. ეს არის საკითხი, რომელიც პირადაპირ უკავშირდება ალიანსის ორი წევრი ქვეყნის უსაფრთხოებას, რუმინეთისა და ბულგარეთის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი განიხილეს და ნატო გააფართოებს წარმომადგენლობას შავ ზღვაში.
ბოლო პერიოდში, ხშირად ვისმენთ აშშ-ის პრეზიდენტისგან მოწოდებას ევროპელი მოკავშირეებისადმი, რომ უფრო მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაში. ხომ არ უქმნის ეს დავა საფრთხეს ალიანსს?
– ვეთანხმები აშშ-ის ადამინისტრაციას, რომ ევროპელებმა თავდაცვაში გაცილებით მეტი უნდა დახარჯონ. სინამდვილეში, ეს ასეც არის. 2014 წელს გამართულ სამიტზე, როდესაც ჯერ კიდევ ნატო-ს გენერალური მდივანი ვიყავი, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ მომდევნო 10 წელიწადში, ანუ 2025 წლამდე ყველა მოკავშირე დააკმაყოფილებს ალიანსის მოთხოვნას და სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მიაღწევს. 2014 წელს ამ ვალდებულებას მხოლოდ სამი მოკავშირე ასრულებდა. ჩემი გათვლებით, 2019 წლის ბოლოს ამ კრიტერიუმს უკვე რვა წევრი დააკმაყოფილებს. 2014 წლის შემდეგ ევროპელმა მოკავშირეებმა გაზარდეს თავდაცვის ხარჯები 500 მილიარდამდე. ასე რომ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. ჩემი აზრით, ევროპელებმა უნდა გააგრძელონ ხარჯების გაზრდა, რადგან რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ რადიკალურად განსხვავებული რეალობა და გარემო შექმნა. ეს მოითხოვს მეტ ინვესტიციებს თავდაცვაში.
ჩემი ბოლო კითხვა არის უკრაინის არჩევნების შესახებ. როგორც თითქმის ყველა ვარაუდობს, ვლადიმირ ზელენსკი გაიმარჯვებს. რით განსხვავდება პეტრო პოროშენკოსა და ზელენსკის საგარეო პოლიტიკური კურსი?
– შევხვდი ორივე კანდიდატს. ეს შეხვედრა დამაიმედებელი იყო. ვიცით, რომ პეტრო პოროშენკო აპირებს რეფორმების გაგრძელებას და ვიცით, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატო-ს. ის პირობას დებს, რომ უკრაინის ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს. ბატონი ზელენსკის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით, მაგრამ ჩვენს შეხვედრაზე გამოჩნდა, რომ მას მეტი იდეა და ხედვა აქვს, ვიდრე ეს ხალხს ჰგონია. ისიც აპირებს რეფორმების კურსის გაგრძელებას. ასევე უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატო-ს. მას ჰყავს კომპეტენტური გუნდი, რომელიც დაეხმარება, იყოს ეფექტური პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ რუსეთს მკაფიო სიგნალი, ნუ შეეცდები პრეზიდენტის გამოცდას და არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოროშენკო იქნება თუ ზელენსკი, არ გამოსცადოთ უკრაინის სიმტკიცე, რადგან რუსეთის აგრესიას მტკიცე პასუხი შეხვდება.
მაგრამ ზელენსკი ამბობს, რომ ის მზად არის, პუტინთან მოსალაპარაკებლად, თქვენი აზრით, ეს კარგი იდეაა?
– პოროშენკოც საუბრობს პუტინთან, მინსკის ფორმატის ფარგლებში. დიახ, ეს კარგი იდეაა. განიხილო ეს საკითხები პუტინთან, მაგრამ ამავე დროს, შენ უნდა გქონდეს მტკიცე პოზიცია, რომ დათმობას არ აპირებ, რადგან ნებისმიერ სისუსტეს პუტინი სათავისოდ გამოიყენებს. ერთადერთი ენა, რომელიც პუტინს ესმის, არის ძალა და ევროპისა და აშშ-ის ერთიანობა.