მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი ანდერ ერერა სერიოზულად განიხილავს პარი სენ-ჟერმენთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას, როგორც კი მისი ამჟამინდელი შეთანხმება ინგლისურ გრანდთან ამოიწურება. იუნაიტედი დღემდე ცდილობს, ახალი კონტრაქტი გაუფორმოს ერერას, რათა ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი არ გახდეს, თუმცა ესპანელი ამას თავს არიდებს.
29 წლის ერერა მანჩესტერში 2014 წლის ზაფხულში ბილბაოს ატლეტიკიდან გადავიდა და მას შემდეგ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა როგორც თანაგუნდელებთან, ასევე გულშემატკივრებთან. ამის გამო ის მზად იყო გუნდში კვლავაც დარჩენილიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, პარიზული გრანდის შეთავაზება ზედმეტად მაცდურია საიმისოდ, რომ მასზე ფეხბურთელმა უარი თქვას.