ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ასადს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვი ბაშარ ასადს შეხვდა

სირიაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერ ანატოლი ბიბილოვსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ვებგვერდი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ანატოლი ბიბილოვმა და ბაშარ ასადმა მხარეებს შორის „მეგობრობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერეს ხელი.

ე.წ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება „მხარეებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ქვეყნების საკვანძო ინტერესების გათვალისწინებით“ მიიღეს. ე.წ. შეთანხმების საფუძველზე სირიის ხელისუფლება და სამხრეთ ოსეთის ე.წ. მთავრობა ვაჭრობის, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხებში ითანამშრომლებენ. ამასთან ერთად, ე.წ. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მხარეები მწარმოებლებისა და ინვესტიციების მოსაზიდად შესაბამისი ეკონიმიკური გარემოს შექმნისთვის იზრუნებენ.

შეხვედრის დროს სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ „შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობის განვითარების ფუნდამენტი იქნება“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რის ფარგლებშიც ის სირიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდება.

ანატოლის ბიბილოვის სირიაში ვიზიტამდე, 22 ივლისს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების“ შესახებ შეთანხმებას. თბილისში აღნიშნული ფაქტი დაგმეს და განაცხადეს, რომ დამასკოში ხელმოწერილ შეთანხმებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს.