საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სირიასა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე შეთანხმება არალეგიტიმურია 
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სირიასა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე შეთანხმება არალეგიტიმურია 

სირიისა და ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების მიერ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ფაქტის კომენტირებისას, საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. ამის შესახებ პირველ არხს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

„ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას და მათთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას არ აქვს არანაირი სამართლებრივი ძალა. თავად ასადის რეჟიმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გამოცხადებულია არალეგიტიმურად. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ე.წ. აღიარება. ისევე, როგორც ეს ქმედება დაგმეს სირიის ოპოზიციურმა ძალებმა. საქართველომ ასადის რეჟიმის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების შემდგომ დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა სირიასთან – განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ მუალემმა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.