ანალენა ბერბოკი - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ გაყინულია
ანალენა ბერბოკი - თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ გაყინულია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, საჭიროა, ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე დიპლომატებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები განიხილონ. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი მუქარით საერთაშორისო წესრიგს უპირისპირდება.

„მუქარა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ უკრაინას უტევს იარაღით, არამედ ის უტევს საერთაშორისო წესრიგს, ამ სამყაროში ერთმანეთთან ურთიერთობის ნორმალურ გზას, რადგან ის არ წყვეტს მარცვლეულის ან სამოქალაქო გემების იარაღად გამოყენებას. ძალიან მკაფიო სიტყვები მოვისმინეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისგან, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ვერ დაგვაშანტაჟებენ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ მარცვლეული საცავებში არ გაფუჭდეს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც. დიპლომატის თქმით, საჭიროა, თურქეთმა გააუმჯობესოს ვითარება კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წესები გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებით. თურქეთის გაწევრიანების პერსპექტივები, პროგრესი ბოლო წლებში არა მხოლოდ შეჩერდა, არამედ, როგორც ვთქვი, გაყინულია. ეს განპირობებულია იმით, რომ არ განხორციელებულა ისეთი ძირითადი საკითხები, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ჯერ უნდა შეგვეძლოს, შევხედოთ, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ერთმანეთთან. ამის გაკეთებისას ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და არ უნდა ველოდოთ საჩუქრებს, რადგან ახლა რთული პერიოდია. ამავე დროს, თურქეთთან მეზობლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბერბოკმა.

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება.