ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება
ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომა იმართება. საგარეო უწყების წარმომადგენლები შეხვედრაზე „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლისა და თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებს განიხილავენ.

მოლაპარაკებებს დისტანციურად დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც. დღის მეორე ნახევარში კი დაგეგმილია შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთანაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე რამდენიმე დღეა, ანადგურებს მარცვლეულის საცავებს, რაც მსოფლიოში საკვების კუთხით კრიზისის შექმნას შეუწყობს ხელს.

„დღეს, როგორც ყოველთვის, ჩვენ ვაპირებთ, უკრაინის შესახებ ვისაუბროთ. ჩვენთან ერთად იქნება მინისტრი კულება. მესამე ღამეა, რუსეთის ბომბები ანადგურებს მთელი პორტების ინფრასტრუქტურასა და მარცვლეულის საცავს. დაიწვა 60 000 ტონაზე მეტი მარცვლეული. მასობრივი საჰაერო თავდასხმები ინფრასტრუქტურისა და პორტის წინააღმდეგ იწვევს არა მხოლოდ მსხვერპლს, არამედ მარცვლეულის საცავების განადგურებას. ეს არის ბარბაროსული დამოკიდებულება, რომელსაც დღეს საბჭო კულებასთან მოლაპარაკებებისას გაითვალისწინებს. ჩვენ გვექნება მეტი ინფორმაცია, მაგრამ რაც უკვე ვიცით, ისაა, რომ ეს გამოიწვევს მსოფლიოში საკვების კუთხით დიდი კრიზისის შექმნას“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე, ბორელმა აღნიშნა, რომ მიესალმება თურქეთის ევროპულ მისწრაფებებს და დაადასტურა, რომ დიპლომატები ამ საკითხზეც იმსჯელებენ.

„თურქეთს სურს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ხელახლა დაწყება, მათ პოლიტიკურ მიდგომაში ევროპული დღის წესრიგი პრიორიტეტული ხდება, ეს კარგი ამბავია. მინისტრებს მოუწევთ, იმსჯელონ, როგორ უპასუხებენ თურქეთის მოთხოვნას. მოგეხსენებათ, უკრაინის კანდიდატურამ ევროკავშირში ახალი დინამიკა შექმნა ჩვენს სამეზობლოში. უკრაინა კანდიდატი თუ იქნება, ის დააჩქარებს პროცესს მთელ ბალკანეთში და, რა თქმა უნდა, თურქეთსაც სურს, იყოს ამ თამაშის ნაწილი“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ამასთან, მედიის ცნობით, ევროკავშირი გეგმავს, შექმნას სპეციალური ფონდი უკრაინის დახმარებისთვის, რაც ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გულისხმობს. ჯოზეფ ბორელი იმედს გამოთქვამს, რომ ამ წინადადებას კოლეგები მხარს დაუჭერენ.