ანა ნაცვლიშვილი -  წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლის, თვალთვალის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი შეინიშნება
ანა ნაცვლიშვილი - წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლის, თვალთვალის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი შეინიშნება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ ანგარიში ეფუძნება იმ რეალურ ფაქტებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლის, თვალთვალის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების არაერთი ფაქტი შეინიშნება.

„ეს ანგარიში ეფუძნება იმ რეალურ ფაქტებს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა და წლების განმავლობაში დაგროვებულ პრობლემებს, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებს ექვემდებარება. რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, თვალთვალის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, საჯარო მოხელეებსა და ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლის არაერთი ფაქტი შეინიშნება. ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმედი, რომ თავისი ინტელექტუალური რესურსით, გაკეთებული საქმეებითა და წარმოდგენილი სახეებით მოიპოვებს იმ ტიპის ნდობას, რაც მას სურს. ამიტომ ოპონენტებთან საბრძოლველად უკანონო და უსამართლო გზებს მიმართავს. მთავარი, რაც ჩანდა ამ დასკვნაში, არის ის, რომ წინასაარჩევნო გარემო უთანასწორო ბრძოლის ველია, როდესაც ხელისუფლება ებრძვის ოპონენტებს და საკუთარ მოქალაქეებს კანონის დარღვევით, სამართლის ფეხქვეშ გათელვით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ 19 აგვისტოს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაზე ანგარიში გამოაქვეყნა.