ანა ნაცვლიშვილი - რამდენიმე კვირაა, ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს პარლამენტში, ეს მოიტანა საპარლამენტო საქმიანობის მიმართ კოორდინირებულმა, საქმიანმა მიდგომამ, ოპოზიცია მუშაობს, რაც იქნება, ნახავთ
ანა ნაცვლიშვილი - რამდენიმე კვირაა, ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს პარლამენტში, ეს მოიტანა საპარლამენტო საქმიანობის მიმართ კოორდინირებულმა, საქმიანმა მიდგომამ, ოპოზიცია მუშაობს, რაც იქნება, ნახავთ

საგამოძიებო კომისიის საკითხმა ძალიან სწრაფი ტემპით შეასრულა თავისი ფუნქცია. ვერცერთი კომისია სამ დღეში ვერ შექმნიდა არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ სამხილებს, მტკიცებულებებს, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოში დასანქცირებული კლანის თანამოაზრე, თანამზრახველი და ახლა უკვე დანაშაულის დამფარავია, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს მმართველმა გუნდმა კიდევ უფრო მძიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღო.

„დღეს ეს საბოლოოდ გაფორმდება კიდევ უფრო მძიმე შეცდომით, რომელიც ამ პროცესში ხელისუფლებამ დაუშვა, კონსტიტუციისა და რეგლამენტის მწარე დარღვევა. საკითხი ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ამოიღეს დღის წესრიგიდანაც. იმდენად აღიზიანებთ ეს საკითხი, წერილობით რომ არ ხედავდნენ, კანონისა და კონსტიტუციის დარღვევით დღის წესრიგიდან ამოიღეს. ეს ძალიან კარგია. მადლობა მათ ამ შეცდომისთვის, ასე გააგრძელონ.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს პარლამენტში, რაც მოიტანა საპარლამენტო საქმიანობის მიმართ კოორდინირებულმა, საქმიანმა მიდგომამ. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა ყველა ჩემს კოლეგას. ოპოზიცია მუშაობს, რაც იქნება – ნახავთ. ეს არის პროცესი, მათ შორის ეს არის ნერვების ომი. ბოლო დღეებია, ამ ნერვების ომში „ქართული ოცნება“ შეცდომას შეცდომაზე უშვებს. ძალიან მიხარია, ასე გააგრძელონ. „ქართული ოცნების“ უკანონო ქცევა და კანონის დარღვევით მოქმედება არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამაც კანონის დარღვევით უნდა იმოქმედოს, არავითარ შემთხვევაში. ისინი კანონს თუ ვერ კითხულობენ, არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამაც უნდა დაივიწყოს კანონი. ძალიან მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ კონსტიტუციას არღვევენ. ჩვენ ვითხოვთ კონსტიტუციის დაცვას. როგორც ერთპიროვნულად, კონსტიტუციის დარღვევით ამოიღო პაპუაშვილმა საკითხი, ისევე ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და დააბრუნოს საკითხი განხილვაზე. მან გადადგა უკანონო ნაბიჯი. ოპოზიცია მას ამ თამაშში არ შეჰყვება. ძალიან კარგია, ახლა უკვე სანქციების კონტექსტში გაფორმდნენ პაპუაშვილი და დანარჩენი ლიდერები, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამომყენებლები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.