ანა ნაცვლიშვილი - პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები არის ცვალებადი, უცვლელია საზოგადოება, რომელიც ებრძვის ძალიან რთულ პრობლემებს
ანა ნაცვლიშვილი - პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები არის ცვალებადი, უცვლელია საზოგადოება, რომელიც ებრძვის ძალიან რთულ პრობლემებს

„აირაის“ კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც,  კვირას რომ არჩევნები იყოს, „ლელოს“ გამოკითხულთა ერთი პროცენტი მისცემდა ხმას.

„ამ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ წლების მიხედვით, არამედ თვეების მიხედვითაც, პოლიტიკური პარტიებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგები არის ცვალებადი, რაც არის უცვლელი არის საზოგადოება, რომელიც ებრძვის ძალიან რთულ პრობლემებს. ეს კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. ამიტომ, ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სურათი, რაც ჩანს, არის არა რეიტინგები, არამედ რამდენად პოლარიზებული და კრიზისულად და დეპრესიულად განწყობილია საზოგადოება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვისაც აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, დღის წესრიგში უნდა ჰქონდეს როგორ მოაგვარებს ამ პრობლემებს. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ „ლელო“ არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად რესურსული ძალა, რომ სწორედ გამოსავლები შესთავაზოს საზოგადოებას. დანარჩენი დამოკიდებულია მუშაობაზე. ჩვენ ყოველდღიურად ხომ არ ვზომავთ მხარდაჭერას, თუმცა გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს მხარდაჭერებთან, ეს პროცესია, რეიტინგი არის ცვალებადი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 18 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ კი სამი პროცენტი.

ასევე, გამოკითხულთა სამი პროცენტი ხმას მისცემდა „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს“ ხმას მისცემდა ორი პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსს“ ასევე ორი პროცენტი,„ლეიბორისტულ პარტიას“ – ორი პროცენტი, პარტიას „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი პროცენტი, „ლელოს“ (მამუკა ხაზარაძე-ბადრი ჯაფარიძე) – ერთი პროცენტი. არც ერთ პარტიას არ შემოხაზავდა ათი პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს 15 პროცენტს, ყველა პარტიას გადახაზავდა ხუთი პროცენტი.