ანა ნაცვლიშვილი - მთელი სპეცოპერაცია დეტალურად და სწრაფად უნდა იყოს შესწავლილი
ანა ნაცვლიშვილი - მთელი სპეცოპერაცია დეტალურად და სწრაფად უნდა იყოს შესწავლილი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაიაზროს შექმნილი მოცემულობა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოქალაქეთა უფლებები შეუფერხებლად განხორციელდეს.

„ის ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ის მძიმე კადრები, რაც ვნახეთ ტელევიზიით და საზოგადოების რეაქცია, რომელიც მოჰყვა ამ ოპერაციას ცხადყოფს, რომ მთელი სპეცოპერაცია დეტალურად და სწრაფად უნდა იყოს შესწავლილი, როგორც მისი ჩატარების ასპექტები, ასევე შემდგომი მოქმედებები. განსაკუთრებით, ის, თუ რატომ იყო აუცილებელი სპეცოპერაციის ჩატარება გუშინ, იქ და იმ ადგილას და იმ ფორმით, როგორც ეს განხორციელდა.

არავინ აყენებს კითხვის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებას და ვალდებულებას, რომ ებრძოლოს ნარკოტიკის უკანონო რეალიზებას, მაგრამ ის, რაც გუშინ ვნახეთ, ძალიან ბევრ კითხვას აჩენს და ამ კითხვებზე საზოგადოებამ უნდა მიიღოს ამომწურავი პასუხები”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა აქციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ, კლუბ „ბასიანისა“ და კაფე „გალერიში“ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავა.

შსს-ში დღეს სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა და აღნიშნულ საქმეზე ვიდეომასალა გასაჯაროვდა.

უწყების ცნობით, არსებობდა დასაბუთებული საფუძველი, რომ კლუბ „ბასიანთან“ და „გალერისთან“ ნარკორეალიზატორებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ.