ანა ნაცვლიშვილი - კორუფციასთან ბრძოლას არ სჭირდება ბიუროკრატიული რგოლი, ამას სჭირდება დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები
ანა ნაცვლიშვილი - კორუფციასთან ბრძოლას არ სჭირდება ბიუროკრატიული რგოლი, ამას სჭირდება დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები

კორუფციასთან ეფექტურ და რეალურ ბრძოლას არ სჭირდება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლი, ამას სჭირდება ეფექტური დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელსაც ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები, რათა პასუხი მოსთხოვოს კორუფციის ჩამდენს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები იქნება მორიგი ბიუროკრატიული რგოლი, რაც ტვირთად დააწვება ბიუჯეტს.

„კორუფციასთან ეფექტიან და რეალურ ბრძოლას არ სჭირდება დამატებითი ბიუროკრატიული რგოლი, ამას სჭირდება ეფექტური დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც რგოლთა რგოლი კი არ იქნება და რაღაც ანგარიშის ჩასაწერად კი არ შეიქმნება, არამედ მას ექნება რეალური დამოუკიდებლობის გარანტიები და ფუნქციები, რათა გამოავლინოს და პასუხი მოსთხოვოს კორუფციის ჩამდენს. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები იქნება მორიგი ბიუროკრატიული რგოლი, რაც ტვირთად დააწვება ბიუჯეტს, ნაცვლად იმისა, რომ ბიუჯეტს შეღავათი მისცეს და თანხები ჯიბეებში აღარ მიდიოდეს. პარლამენტის შემოსვლის დროს ვთქვით, რომ ჩვენი მიზანი იქნებოდა კორუფციის წინააღმდეგ რეალური ბრძოლის გამოცხადება. ამ მიზნით დავაინიცირეთ საკანონმდებლო პაკეტი, რაც უწყების რეალური ინსტრუმენტებით შექმნას ითვალისწინებს. დადასტურდა, რომ მათ ასეთი ორგანოს შექმნის ინტერესი არ აქვთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ითვალისწინებს. ცვლილებებით გათვალისწინებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.