ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება როდესაც გამჭვირვალე მუშაობის პოლიტიკურ ნებას არ აჩვენებს, არ მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის პოზიციების მიმართ გახსნილობა იქნება
ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლება როდესაც გამჭვირვალე მუშაობის პოლიტიკურ ნებას არ აჩვენებს, არ მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის პოზიციების მიმართ გახსნილობა იქნება

რეკომენდაციების სულისკვეთებაა ის, რომ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს შეთანხმება, პრეზიდენტი კონკრეტული საკითხების კომპეტენციას არ ფლობს, მაგალითად, სასამართლოს მიმართულებით, მაგრამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პოზიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ინკლუზიურობის ხარისხს შექმნიდა, რაც ევროპულია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი ითხოვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე სამუშაო ჯგუფებში და არ გამორიცხავს პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობას.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ამ პროცესების მიმართ რეალურად გახსნილი არ არის და ამის დამადასტურებელია ის, რომ რიგგარეშე სესიას არ დაესწრნენ.

„მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროპული ბედი უნდა გადაწყვეტილიყო, „ქართული ოცნების“ „მუშაობა“ არ მდგომარეობდა მაღალი დონის ვიზიტებში, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო. ასევე არ მდგომარეობდა რეფორმებში, რადგან რეფორმები დაწყებული მაინც რომ ყოფილიყო, ჩვენ სტატუსს მივიღებდით, მაგრამ არც რეფორმები დაიწყეს, არც სამუშაო ვიზიტები გამართეს და არც რიტორიკა იყო ადეკვატური იმ ქვეყნის ხელისუფლებისთვის, რომელსაც სურდა, მისთვის ევროკავშირის კარი გახსნილიყო. რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ეს არის ფაქტები და არ არის მხოლოდ მისი ინტერპრეტაცია, ასეთია შთაბეჭდილება, რაც გარედან დამკვირვებელ ადამიანებსაც რჩებათ. იმ პირობებში, როცა ხელისუფლებამ რეფორმები დაატორმუზა და არ გადადგა ნაბიჯები იმ სისტემურ პრობლემებზე, რომელიც ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ სწორედ სისტემური პრობლემები გახდებოდა საქართველოსთვის დაბრკოლება და რეფორმების გარეშე მხოლოდ ვიზიტები შედეგს ვერ დადებდა და ეს 12 რეკომენდაციით დადასტურდა. ევროკავშირს სჭირდება, ხელისუფლების მცდელობა დაინახოს ვიზიტების საშუალებითაც, მაგრამ მხოლოდ ვიზიტებით რეფორმების გარეშე საქართველოსთვის სასურველი შედეგი ვერ დაიდებოდა. პარლამენტი და მთავრობა რეფორმებს უნდა ატარებდნენ, რასაც ხელოვნურად ბლოკავდნენ.

რაც შეეხება სამუშაო პროცესში პრეზიდენტის ჩართვას, რეკომენდაციების სულისკვეთებაა ის, რომ ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოხდეს შეთანხმება. პრეზიდენტი კონკრეტული საკითხების კომპეტენციას არ ფლობს, მაგალითად, სასამართლოს მიმართულებით, მაგრამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პოზიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ინკლუზიურობის ხარისხს შექმნიდა, რაც ევროპულია. ეს რამდენად მოხდება, ამის დიდი მოლოდინი არ მაქვს. „ქართული ოცნება“ ამ პროცესების მიმართ რეალურად გახსნილი არ არის და ამის დამადასტურებელია ის, რომ რიგგარეშე სესიას არ დაესწრნენ. ახლა რიგგარეშე სესია უნდა მიმდინარეობდეს. რომ არ მიმდინარეობს, ეს კონსტიტუციის დარღვევაა. როცა ხელისუფლება გამჭვირვალე მუშაობის პოლიტიკურ ნებას არ აჩვენებს, არ მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტის პოზიციების მიმართ გახსნილობა იქნება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.