სალომე ზურაბიშვილი - აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე სამუშაო ჯგუფებში, რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაიმე ფორმით მედიატორობას
სალომე ზურაბიშვილი - აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე სამუშაო ჯგუფებში, რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაიმე ფორმით მედიატორობას

მე, სხვათა შორის, აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე სამუშაო ჯგუფებში და რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ძალიან კარგია, რომ არის სამუშაო ჯგუფები. მე, სხვათა შორის, აქაც მოვითხოვ და ცალკეც მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში, არ გამოვრიცხავ პრეზიდენტის რაღაც ფორმით მედიატორობას. იმიტომ, რომ დღეს უკვე უცხოელების ჩართულობა აღარ იქნება და მე მზად ვარ ამისთვის, თუ მდგომარეობა ასე ვთქვათ, მომწიფდება “, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, დეპოლარიზაცია ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე რაღაც ნაბიჯს დგამს.

„ოპოზიციის ნაწილი, რაც „ქართულ ოცნებას“ რატომღაც ავიწყდება, მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შეიქმნა. მეორე მხარის შემხვედრი ნაბიჯი იქნებოდა რიგგარეშე სესიაზე დათანხმება და ეს იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი, ვიდრე ევროპარლამენტარები ჩამოვიდოდნენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჩაერთვებოდა თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება, თუ მმართველი გუნდი სესიის ჩატარებას დათანხმდებოდა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას „ოცნების“ მხრიდან სესიაზე დათანხმების, ან ოპოზიციის ნაწილის მხრიდან სამუშაო ჯგუფებში ჩართვის მოლოდინი არ ჰქონია, მაგრამ ვინც დეპოლარიზაციისთვის მზად არის, მუშაობა უნდა დაიწყოს.

„მე არ ვფიქრობდი, რომ „ოცნება“ დათანხმდებოდა სესიაზე და არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შევა ამ სამუშაო ჯგუფებში, მაგრამ ერთი ნაწილი უკვე შესულია და სხვა პარტიებისგან მესმის, რომ რაღაცებს ელოდებიან და შეიძლება, შევიდნენ. ჯერ არაა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არ გავიმეოროთ შარლ მიშელის ვითარება, როცა ყველა მზად იყო, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოდის, ყველაფერი უნდა გადავაგდოთო. დავიწყოთ მუშაობა, ვინც მზად არის დეპოლარიზაციისთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ მისი გზავნილი, რომ ახლა დასვენების დრო არ არის, რაც რიგგარეშე სესიის დანიშვნის ერთ-ერთ არგუმენტად დასახელდა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მმართველი გუნდის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფები და კომისიები დროის გაყვანის მცდელობაა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას ეს არ უთქვამს.

„6 თვე გვაქვს, არც კი, ცოტა დრო არის და თუნდაც ეს ევროპარლამენტარები რომ ჩამოდიოდნენ, რატომ არის ცუდი და წარმოუდგენელი ნიშნის მიცემა და იმის ჩვენება, რომ მზად ვართ, მე რაღაც ნაბიჯი გადავდგა და მოვითხოვ, იმანაც გადადგას რაღაც ნაბიჯი? რატომ არ ვეჩვევით იმას, რომ რაღაცების დათმობა შეიძლება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელი იყო რიგგარეშე სესიის ჩატარებით რამე შედეგის მიღწევა, როცა ოპოზიციის ნაწილი სესიას სამი საკითხის განსახილველად ითხოვდა, საიდანაც პირველი საკითხი იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო ბარიერის დაწევა, „ქართულ ოცნებას“ კი ცალსახად აქვს გაცხადებული, რომ ამ საკითხს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არ არის იმ პოზიციაში, ევროკავშირს პირობები დაუყენოს.

„დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, ევროკავშირს პირობები დავუსვათ, ამას გავაკეთებ, ან იმას გავაკეთებ, თუ ამ სტატუსს მივიღებ. დღეს ჩვენ, საქართველო არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ჩვენ დავუსვათ პირობები ევროკავშირს. გვინდა კანდიდატის სტატუსი? მთავარი კითხვა ეს არის. გვინდა? – მაშინ მზად უნდა ვიყოთ და ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ, მარჯვნივ და მარცხნივ, რომ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.