ანა ნაცვლიშვილი - ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად
ანა ნაცვლიშვილი - ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად

ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ევროპული საქართველოს“ კრიზისიდან გამოსვლის ათპუნქტიანი გეგმის შეფასებისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მართებული არაა ოპოზიციის გეგმების დეტალურად გასაჯაროება, იმ გეგმების, რითაც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას.

„ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გიგა ბოკერიას ინტერესში, გადაიქცეს ოპოზიციის ოპოზიციად. მთავარი ორიენტირი, რის ირგვლივაც უნდა იყოს მუშაობა ოპოზიციაში, არის სისტემის ცვლილება, რადგან ამ სისტემის ცვლილების გარეშე რომ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად ხელში დაუტოვებს ძალიან ბასრ, უსამართლო იარაღს. რა თქმა უნდა, ამ ბასრ იარაღს ხელისუფლება გამოიყენებს, რათა ისევ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას.

რაც შეეხება ნაბიჯების თანმიმდევრობას, რა უნდა იყოს, სიმართლე გითხრათ, ახლა ამ დეტალებში შემოსვლის სურვილი არ მაქვს, რადგან ბევრჯერ ვთქვი და განვაცხადე, ჩვენ ვებრძვით მეორე მხარეს მდგომ აბსოლუტურად უკონტროლო, უკანონო, უზარმაზარი რესურსებით (მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ) უზარმაზარი ინფორმაციით აღჭურვილ და პარტიულ მანქანას, რომელიც გადაჯაჭვულია ერთმანეთზე სრულიად არაჯანსაღად. ამ პირობებში მათთვის დეტალურად ჩაბარება გეგმის, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, არ მგონია, იყოს გონივრული. ვისაუბრებთ იმ ნაბიჯებზე და რა თქმა უნდა, იმ ნაბიჯების მიზანშეწონილობაზე, დასაბუთებაზე, რომლის გადადგმასაც ვაპირებთ არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვესაუბრო, არამედ იმიტომ, რომ ვესაუბრო ჩემს მოქალაქეებს და მათთვის იყოს გასაგები, რა ტიპის ბრძოლაშია ოპოზიცია, რა ტიპის ბრძოლაში ვითხოვთ მათ მხარდაჭერას. მხოლოდ ამ მიზნით, სხვა შემთხვევაში, არ მგონია, იყოს გონივრული ყველა დეტალი გავუშიფრო „ოცნებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ვიდრე ოპოზიცია ინარჩუნებს მანდატებს პარლამენტში, მანდატები სრული დატვირთვით უნდა იყოს გამოყენებული.

„არ მსურს, გავაგრძელო მედიარეჟიმში გადაძახილ-გადმოძახილი „ევროპულ საქართველოსთან“. ერთმანეთის ტელეფონები ვიცით და თუ ვინმეს აქვს რაიმე სათქმელი, შეუძლია, აიღოს ტელეფონი და დაურეკოს. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, სამწუხაროდ, არაერთი მაგალითი გვქონია ამ თვეების განმავლობაშიც, როდესაც პარლამენტში შესვლა ან მანდატების დატოვება გახდა ცენტრალური საკითხი. ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ფორმა. პოლიტიკურ ბრძოლას ფორმასთან ერთად, სჭირდება შინაარსი. ამიტომ თუ შინაარსი მოითხოვს ამ ფორმის გამოყენებას, რა თქმა უნდა, ეს ფორმა არის კანონიერიც და ლეგიტიმურიც. თუ პოლიტიკური ბრძოლის შინაარსი ამას არ მოითხოვს და პირიქით, მოითხოვს იგივე საპარლამენტო მანდატის გამოყენებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მისაღწევად, მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა სივრცე იხშობა თანდათან პოლიტიკური პარტიებისთვის, ამ ვითარებაში მოწოდება, რომ პარლამენტიც დატოვე, საკრებულოც, არ ვიცი, რეალურად რა მიზანს შეიძლება, ემსახურებოდეს.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემი ღრმა რწმენა არის, ვიდრე ოპოზიცია ინარჩუნებს მანდატებს პარლამენტში, ეს მანდატები არა თუ უნდა იყოს გამოყენებული, არამედ უნდა იყოს გამოყენებული სრული დატვირთვით. ვისურვებდი, დისკუსიები გადავიდეს ამ მიმართულებით სრული დატვირთვით, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ბრძოლის ის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, რომელიც არის პარლამენტი. ჩვენ ვდგავართ ქუჩაში და ვცდილობთ, ქუჩიდან მივაწვდინოთ ხელისუფლებას ხმა, მაშინ, როდესაც ის პარლამენტში ზის. ჩემთვის ლოგიკური არ არის, მარტო ქუჩიდან რატომ უნდა მივაწვდინო ხმა, თუ შემიძლია, მაგალითად, რაც გავაკეთე გუშინ, შევიდე კომიტეტზე, დავარქვა ყველაფერს თავისი სახელი, ჩამოვახიო ნიღაბი და შემდეგ გამოვიდე. არ მესმის, ამაზე რატომ უნდა ვთქვა უარი“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.