ანა ნაცვლიშვილი - ახლა დაეწყობიან  და დაიწყებენ არახამიას ლანძღვა-გინებას, სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა ბრალდებას უნდა უპასუხონ საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით
ანა ნაცვლიშვილი - ახლა დაეწყობიან და დაიწყებენ არახამიას ლანძღვა-გინებას, სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა ბრალდებას უნდა უპასუხონ საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით

„ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სანქციების გვერდის ავლაზე ბრალდებას სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით უნდა უპასუხონ .

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „ლელომ“ ინტერპელაციის წესით როდესაც დაიბარა საქართველოს პრემიერი, მისგან პასუხი ვერ მიიღო.

ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნული კომენტარები მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა უკრაინის რადაში მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს.

„ამ საკითხში არ ვხელმძღვანელობ დავით არახამიას განცხადებებით, ვხელმძღვანელობ იმ საპარლამენტო მოკვლევით, რომელიც თავად ჩავატარე. როდესაც ასეთი მძიმე ბრალდება ჟღერდება ქვეყნის მისამართით, მათ შორის დეპუტატების ვალდებულებაა, მოლოდინებზე, გრძნობებსა და ინტუიციებზე არ ისაუბროს, არამედ გამოიყენოს საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები, რომ დარწმუნდეს, ქვეყანა არის დაცული ან პრობლემებია. „ლელომ“ ამ საკითხზე პრემიერი ინტერპელაციით დაიბარა და პასუხები ვერ მივიღე. ახლა წინასწარ ვიცი, რასაც გააკეთებენ, დაეწყობიან და დაიწყებენ არახამიას ლანძღვა-გინებას. სახელმწიფოს თანამდებობის პირებმა უნდა უპასუხონ საქმიანად და ფაქტებზე დაყრდნობით. უნდა დადონ სისტემა, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ 24 თებერვლის შემდეგ, რათა ქვეყანა დაცული ყოფილოყო რუსეთის მხრიდან მსგავსი შემოტევებისგან. თუ ასეთი სისტემა დაიდება, ყველა გაჩუმდება. ამ მძიმე ბრალდებას პასუხი სჭირდება.

კითხვაზე: „როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება დავით არახამიას მძიმე ბრალდება არგუმენტების გარეშე“, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს კითხვა თავად არახამიას უნდა დაუსვან.

„ვერ გეტყვით, ეს არახამიას უნდა ჰკითხოთ. ღმერთმა დაგვიფაროს, დოკუმენტი თუ დაიდო იმის შესახებ, რომ საქართველო გახდა და არის იმ მდგომარეობაში, რაზეც საუბარია, არც ღარიბაშვილს და არც სხვებს არ მოუწევთ სახლში წასვლა. ძალიან ცუდ ადგილას მოუწევთ წასვლა. ამიტომ სჯობს, ფაქტები არ დაიდოს. არ მაინტერესებს, სხვები რას საუბრობენ, მე მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველო დაიცვას მსგავსი ტიპის ძალიან დამაზიანებელი პროცესებისგან. დაცულობა ნიშნავსს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის, შესამაბისი პოლიტიკის, სამოქმედო გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმებს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.