ანა კალანდაძე - ყველაზე გამოუცდელი და ახალგაზრდული ნაკრები ვართ, მაგრამ პერსპექტივა არის #1TVSPORT
ანა კალანდაძე - ყველაზე გამოუცდელი და ახალგაზრდული ნაკრები ვართ, მაგრამ პერსპექტივა არის #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენზე ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპი პორტუგალიასთან მარცხით (0:3 – 19;25, 15:25, 16:25) დაიწყო.

თუმცა, გუნდი ძალიან ახალაგზრდული ასაკის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, კორონავირუსის გამო ორი კვირა ვერ ვარჯიშობდა და ამის ფონზე, საკმაოდ დამაიმედებელი თამაში აჩვენა.

ირაკლი ჩაჩუა, საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: 

„სამწუხაროდ, პორტუგალიაში გამართულ პირველ ტურნირზე კორონავირუსის გავრცელების გამო ვერ ვითამაშეთ და ორი კვირა ვერ ვვარჯიშობდით. ჩვენი მიზანი ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება იყო, მაგრამ დროის გაცდენის გამო შედეგის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. პორტუგალიელებს არ ჩამოვუვარდებოდით, მაგრამ ბოლოსკენ გაცდენილმა დრომ თავისი დაღი დაგვასვა. თუმცა, ყველაზე უფროსი მოთამაშე 22 წლისაა და ამ გუნდს მომავალი აქვს. ამიტომაც მჯერა, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოვხდებით“.

პაატა ულუმბეგაშვილი, საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„სათანადოდ ვერ მოვემზადეთ და ამის ფონზე ცუდად არ გვითამაშია, დასაწყისში მეტოქეს დიდი წინააღმდეგობაც გავუწიეთ. გუნდში პოტენციალი იგრძნობა და ამას მომავალში აუცილებლად დავამტკიცებთ“.

ანა კალანდაძე, საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრების მოთამაშე:

„ყველა ნაკრებთან შედარებით გამოუცდელი ფრენბურთელებით ვართ დაკომპლექტებული და შეიძლება ითქვას, ეს რეალურად ახალგაზრდული ნაკრებია. თანაც, საკმარისად მომზადებულები არ ვიყავით. მთავარია, ერთად ბევრი ვიმუშავოთ“.

საქართველოს ნაკრები მეორე მატჩში 15 მაისს შვედეთს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალია – უკრაინას.