ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმედისმომცემი ხდება
ანა ჯაბაური - ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმედისმომცემი ხდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა.

ანა ჯაბაური ამბობს, რომ ცოტნე გამსახურდია კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება, თუმცა მდგომარეობა ნელ-ნელა იმედისმომცემი ხდება.

„პირველმა 72-მა საათმა, საბედნიეროდ, მშვიდობიანად ჩაიარა. ეს 72 საათი იყო კრიტიკული და მნიშვნელოვანი. ასე რომ, მდგომარეობა ნელ-ნელა იმედისმომცემი ხდება და ცოტა ამოვისუნთქეთ. ისევ მართვით სუნთქვაზეა. ორ სამ დღეში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩატარდება და გადაწყდება საკითხი ცოტნეს გაღვიძების შესახებ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ  ჩვენი მეგობარი და კოლეგა აშშ-იდან ჩამოვიდა სპეციალურად ცოტნესთვის. ის არის ნიუ-იორკში ცნობილი რეანიმატოლოგი, დეპარტამენტის უფროსი და ახლა კოლეგებთან ერთად გავივლით ცოტნეს ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერს“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.