ანა დოლიძე - თუ პრეზიდენტი გაიწვევს საბჭოს წევრს, ეს იქნება არაკონსტიტუციური ქმედება, ამ სიტუაციას იუსტიციის საბჭო შეიძლება სპეციალურად ქმნიდეს
ანა დოლიძე - თუ პრეზიდენტი გაიწვევს საბჭოს წევრს, ეს იქნება არაკონსტიტუციური ქმედება, ამ სიტუაციას იუსტიციის საბჭო შეიძლება სპეციალურად ქმნიდეს

თუ პრეზიდენტი გაიწვევს საბჭოს წევრს, იქნება კონსტიტუციის მიღმა ქმედება, შეიძლება ამ სიტუაციას სპეციალურად ქმნიდეს იუსტიციის საბჭო, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ მისი უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი, თანამდებობიდან გაათავისუფლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

„კონსტიტუციაში ცალსახად ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს, ანუ მას არ აქვს უფლებამოსილება, რომ გამოიწვიოს საბჭოს წევრი. თუმცა, კანონში დარჩა ძველი ფორმულირებები, რომელებც პრეზიდენტს აძლევდა საშუალებას, განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ იქნებოდა სამსახურეობრივი შეუთავსებლობა გაეწვია იუსტიციის საბჭოს წევრი. კონსტიტუცია არის ქვეყნის უზენაესი კანონი. ყველა კანონი უნდა იყოს თანხვედრაში კონსტიტუციასთან და კანონი უნდა შეიცვალოს ისე, რომ თანხვედრაში მოვიდეს კონსტიტუციის ახალ ნორმასთან“, – განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, როგორც დოლძემ აღნიშნა, მისი საბჭოდან გამოწვევის დაკმაყოფილების შემთხვევაში პრეზიდენტის ქმედება იქნება „კონსტიტუციის მიღმა“.

​„დღევანდელი მოცემულობით პრეზიდენტს შეუძლია განახორციელოს მარტო ის ქმედებები, რაც უწერია კონსტიტუციაში. მას არ შეუძლია   გააკეთოს ის, რაც კონსტიტუციაში არ წერია. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი გაიწვევს საბჭოს წევრს, ეს იქნება კონსტიტუციის მიღმა ქმედება და ის აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომელსაც შეიძლება სპეციალურად უქმნიდეს იუსტიციის საბჭო. რვა მოსამართლემ და კიდევ რამდენიმე არამოსამართლე წევრმა, რომლებიც არიან იურისტები, კონსტიტუციის კითხვა მაინც უნდა იცოდნენ. თუ ჩავთვლით, რომ მათ წაკითხული აქვთ საქართველოს კონსტიტუცია, ძალიან კარგად იციან, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია იუსტიცის საბჭოს წევრის გაწვევა. ანუ იქნებ ხელოვნურად ქმნიან სიტუაციას, მე არ ვიცი თავიანთ სამეფო კარში რა თამაშებს თამაშობენ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 11 წევრი ანა დოლიძისთვის საბჭოში უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად ისინი ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. მათი განმარტებით, პოლიტიკური საქმიანობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელია.

დატოვე კომენტარი