ანა დოლიძე - ცესკო ცდილობს, გადასატანი საარჩევნო ყუთები ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს
ანა დოლიძე - ცესკო ცდილობს, გადასატანი საარჩევნო ყუთები ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია გადასატან ყუთებს ხელისუფლების ინტერესებისთვის გამოიყენებს. მისივე თქმით, სპეცუბნებისა და გადასატანი ყუთების მეშვეობით შესაძლოა, არჩევნები გაყალბდეს.

,,ძალიან ცუდია, ცესკო ცდილობს ხელისუფლების ინტერესისთვის გამოიყენოს გადასატანი ყუთები. 19 ოქტომბერსვე გამოჩნდა სქემა, რომ ეს ორგანო ცდილობს „კოვიდ-19“-ის გამოყენებას იმისთვის, რომ არჩევნები ხელისუფლების კანდიდატებს მოაგებინოს. გადასატან ყუთებზე კონტროლი შეუძლებელია. ხელისუფლებას აქვს სრული კარტბლანში გადასატან ყუთებში გააყალბოს ხმები ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ. ერთადერთი უბანი და ოლქი, სადაც დაუმატეს ყველაზე მეტი გადასატანი ყუთი, არის დიდუბე-ჩუღურეთი. იქ, სადაც ყველაზე ძალიან უჭირთ და იციან, რომ ნებისმიერი საშუალებით უნდა მოიპოვონ თითოეული ხმა, დღეს ამ ორგანომ დაგვიმატა ცხრა გადასატანი ყუთი, არსად ამდენი არ არის.

ეს ციფრი ექვემდებარება ერთადერთ ლოგიკას, ხელისუფლებას და ვოლსკს უჭირს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, შესაბამისად, გამოიყენებენ გადასატან ყუთებს, რათა ჩაიჯიბონ ნებისმიერი შესაძლო ხმა. ხელისუფლებას გამოყენებული აქვს ყველა მეთოდი, მოსყიდვა, შანტაჟი, გაფრთხილება, ასევე თვალთვალი, ადევნება, პირადი თავდასხმა, რომელიც ჩემ მიმართ განხორციელდა 14 აგვისტოს. მიუხედავად ამისა, არჩევნები მაინც ჩატარდება ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. არც ერთი ეს მეთოდი არ იმუშავებს, რადგან ხალხი არის გაბრაზებული“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან ერთად სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის ხმის მიცემის წესები შეიმუშავა.

ცესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს განთავსების ადგილის მიხედვით სპეციალური ჯგუფები მოემსახურებიან. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა, რომლებიც შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში ოფიციალურად არიან დაფიქსირებული, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 22:00 საათამდე უნდა მიმართონ ცესკო-ს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს: 2 51 00 51 (0).