ანა დოლიძე - ილონა თოდუა არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენი
ანა დოლიძე - ილონა თოდუა არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენი

ილონა თოდუა არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ზურაბ ადეიშვილის ნარჩენი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ანა დოლიძის თქმით, მოსამართლე ილონა თოდუა ასრულებდა წინა ხელისუფლების დაკვეთებს.

„ილონა თოდუას საკითხი ხაზს უსვამს იმ ტენდენციას, რაზეც ვსაუბრობდით. ის არის ხელისუფლების დაკვეთების შემსრულებელი მოსამართლე, ე.წ. ზურაბ ადეიშვილის ნარჩენი. ილონა თოდუას 2012 წელს დაჯარიმებული ჰყავს „ქართული ოცნება“. ასევე პოლიტიკურად მგრძნობიარე პერიოდში დაჯარიმებული ჰყავს ტელეკომპანია „იმედი“ და გამოტანილი აქვს პოლიტიკურად არაერთი მიკერძოებული გადაწყვეტილება თავის დროზე.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ადრე დაკვეთებს ასრულებდნენ კომფორტულად, ჩაბმულები არიან საქმიანონაში, რომელიც კორუფციის კითხვის ნიშანს სვამს. შემთხვევითი ჩუქებები, საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ უცებ გახსნილი ხელგაშლილობა არის ფართო ტენდენცია ჩვენს საჯარო სივრცეში. ჩვენ არაერთი წევრი ვიცით საქართველოს პარლამენტში: დავით მათიკაშვილი, ზაზა გაბუნია, ნინო წილოსანი, რომელთა ოჯახის წევრებს უცებ უჩნდებათ ჩუქების სურვილი მათ მიმართ. სასამართლოშიც ოჯახის წევრების მიმართ უცებ გახსნილი სიყვარული და ხელგაშლილობა მიუთითებს შესაძლო კითხვის ნიშნებზე. ძალიან კარგია, რომ მოსამართლე თოდუა აქ მობრძანდება და ჩვენს კითხვებს პასუხს გასცემს,იმის თაობაზე, თუ საიდან მოვიდა მისი უეცარი ხელგაშლილობა მისივე ოჯახის წევრების მიმართ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები, დღის წესრიგის თანახმად, 11 საკითხს განიხილავენ. პირველი საკითხი მოსამართლე ილონა თოდუას განმარტებას ითვალისწინებს, რომელიც მისი მისამართით საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხება.