ანა ბუჩუკური - „გახარია - საქართველოსთვის“ რვა წევრის მიერ პარლამენტისთვის წერილით მიმართვა პროცედურული საკითხია, ნამდვილად პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით
ანა ბუჩუკური - „გახარია - საქართველოსთვის“ რვა წევრის მიერ პარლამენტისთვის წერილით მიმართვა პროცედურული საკითხია, ნამდვილად პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით

პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მისი პარტია საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

ანა ბუჩუკურმა პირველ არხთან საუბარში განმარტა, პარტიის რვა წევრმა პარლამენტს რა სახის წერილებით მიმართა.

მისი თქმით, პარტიის რვა წევრის წერილი პროცედურული ხასიათის შინაარსის არის, რისი ვალდებულებაც მათ რეგლამენტის შესაბამისად ჰქონდათ.

„ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით, მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. პარლამენტის მიმართ მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც თავის დროზე, 6-7 თვის წინაც გავიარეთ, დეკლარაციის შევსებაც მოხდა. ჩვენ პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით. წერილით მიმართვა ვიღაცას სჭირდებოდა, ვიღაცას – არა, ეს პროცედურული საკითხია. შეგიძლიათ, თითოეული წერილის შინაარსი ნახოთ. ვიღაცას რაღაც გარემოების გათვალისწინებით მიმართვის ვალდებულება ჰქონდა, ვიღაცას – არა, წინაზეც ასე იყო. ნამდვილად პოლიტიკურ ბოიკოტში ვრჩებით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

არსებული ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის, თავად პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.