ანა ბუჩუკური აცხადებს, რომ გიორგი გახარიას გუნდი რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერას ამ ეტაპზე არ აპირებს
პარტია „საქართველოსთვის“ რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატად ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერას ამ ეტაპზე არ აპირებს.
როგორც საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა, გიორგი გახარიას გუნდი რუსთავში საკუთარ კანდიდატს არ აყენებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, პარტია არც ერთი კანდიდატის მხარდაჭერას არ გეგმავს.
„არჩევნებამდე დიდი დროა და ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ახლა მხარს არავის ვუჭერთ. ასე გადავწყვიტეთ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. დღეის მდგომარეობით, ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
„ლელო“ ბადრი ჯაფარიძეს, რომელსაც გუშინ პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა, შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს.