ამირან გამყრელიძე - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ განხორციელდეს ავადმყოფთა მართვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე
ამირან გამყრელიძე - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ განხორციელდეს ავადმყოფთა მართვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო არის ფლაგმანი საავადმყოფო ქვეყანაში ინფექციებთან ბრძოლის და განსაკუთრებით ახლა, კოვიდპანდემიის პერიოდში, რომელმაც უზარმაზარი როლი შეასრულა ინფექციის შეჩერებისა და სწორად მართვის პროცესში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ განხორციელდეს ავადმყოფთა მართვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე

„უშუალოდ წერილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, არის ფლაგმანი საავადმყოფო ქვეყანაში ინფექციებთან ბრძოლის და განსაკუთრებით ახლა, კოვიდპანდემიის პერიოდში, რომელმაც უზარმაზარი როლი შეასრულა ინფექციის შეჩერებისა და სწორად მართვის პროცესში. ამ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ყველა პირობა, რომ განხორციელდეს ავადმყოფთა მართვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. ეს პრობლემები, რაზეც საუბარია, სამწუხაროდ დიდი ხანია, არსებობს და ვერ გადაწყდა. კარგია, რომ ახლა უკვე სწორ გზაზეა გადაწყვეტის მიმართულება, გამოყოფილია შესაბამისი თანხა, რომ ინფექციურ კლინიკას მალე ახალი საავადმყოფო ჰქონდეს, სრულად აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. ამავდროულად, გამოიყო თანხა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ, რომ მათ ვიდრე ახალი საავადმყოფო გაიმართება, დროებით წესრიგში მოიყვანონ ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელიც საავადმყოფოს აქვს“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ამირან გამყრელიძემ.

თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება 20 აგვისტოდან შეაჩერა. ცერცვაძის თქმით, გადაწყვეტილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არ არსებობას უკავშირდება.

ამასთან, გუშინ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ჯანდაცვის მინისტრი არ იყო ინფორმირებული ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებულ ვითარებასა და 20 აგვისტოდან პაციენტების ნაწილის მიღების შეჩერების თაობაზე.