ამირან გამყრელიძე - საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, რომ ყველა რეკომენდაცია აღსრულდეს ბოლომდე, მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს
ამირან გამყრელიძე - საგანგებო მდგომარეობა ხელს შეუწყობს, რომ ყველა რეკომენდაცია აღსრულდეს ბოლომდე, მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა უკვე რამდენიმე კვირაა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს და დღეს არ იყო მოულოდნელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

მისი თქმით, კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ღონისძიებები ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრდებოდა.

„დღეს ეს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი. აღნიშნული საკითხი გახლდათ მსჯელობის საგანი რამდენიმეჯერ და დღეს საკოორდინაციო საბჭომ და პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტეს, რომ გამოცხადებულიყო საგანგებო მდგომარეობა, რასაც პრეზიდენტი დაეთანხმა და იმედია, პარლამენტიც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

როგორც მან აღნიშნა, საგანგებო მდგომარების გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია დადგენილი რეკომენდაციების აღსრულებისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აღსრულდეს ყველა რეკომენდაცია, რასაც ამ ხნის განმავლობაში საკოორდინაციო საბჭო პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგენდა. საგანგებო მდგომარეობის დროს, მოგეხსენებათ, აღსრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ეს გახლავთ სოციალური დისტანცირების დაცვა, ადამიანების მჭიდრო კონტაქტის პრევენცია, რაც არის ინფექციის გავრცელებისა და ეპიდემიის შემდგომი გავრცელების მთავარი გზა, ამისგან მაქსიმალურად თავის არიდება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საგანგებო მდგომარეობა არა მარტო დაავადებათა კონტროლის ცენტრს, არამედ მთლიანად ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ მოკლე დროში და სწორად აღსრულდეს ყველა ის რეკომენდაცია, რა რეკომენდაციებიც ვრცელდებოდა ყოველთვის ჯანდაცვის თუ სხვა სექტორების მხრიდან“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ასევე, მისი თქმით, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გადადის უშუალოდ ჯანდაცვის სექტორზე, თუმცა ეს საკითხი ყველა შესაბამისი სხვა უწყების პასუხისმგებლობაც არის.

„ეს არ გახლავთ კორონავირუსულ ინფექციაზე მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის პასუხისმგებლობა, თუმცა ახლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა უშუალოდ ჯანდაცვის სექტორზე გადმოდის. ეს გახლავთ მთლიანად ქვეყნის პასუხი ყველა კომპონენტის, დაწყებული საზღვრიდან, შემოსავლები, საგარეო ურთიერთობები, ავიაცია, სახმელეთო გადაადგილებები და ა.შ. სწორედ საგანგებო მდგომარეობა შეუწყობს ხელს, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ბოლომდე აღსრულდეს. ჩვენ, ყველა უწყება, ისედაც ვმუშაობდით საგანგებო რეჟიმში, მაგრამ ახლა ამას ლეგალური საფუძველი ეძლევა, რაც გააადვილებს ყველა იმ ღონისძიების გატარებას და მეტ ეფექტს მისცემს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყანაში, რომ ჩვენ შედარებით მსუბუქად გადავიტანოთ ეპიდემია, ნაკლები ზიანით ან თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ქვეყანაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.