ამირან გამყრელიძე - როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს
ამირან გამყრელიძე - როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს

როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტროს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, ძალიან კოლეგიალური ურთიერთობა გვაქვს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა: „მმართველი გუნდის ოპონენტები საუბრობენ, რომ თქვენსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორს არის გარკვეული დაპირისპირება, რას უპასუხებთ ამ ადამიანებს“.

როგორც გამყრელიძე ამბობს, პრემიერსა და მას შორის არავითარი დაპირისპირება არ არსებობს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ქვეყნის პირველი პირი, მე ვარ ერთი ინსტიტუტის დირექტორი. მართალია, შეიძლება, კოვიდპანდემიის დროს ამ ინსტიტუტს აქვს საკმაოდ დიდი დატვირთვა, მაგრამ ერთი ინსტიტუციაა. როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ, რომ ვინმესთან დაპირისპირებაში შევიდე, მით უმეტეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საკმაოდ ხანგრძლივი კარიერული ისტორია მაქვს, ამიტომ არ მგონია, ეს სერიოზული განსჯის საგანი იყოს. ძალიან ნორმალური, შეიძლება ითქვას, კოლეგიალური ურთიერობა გვაქვს საბჭოს ფარგლებში. ყოველთვის ვიცავ სუბორდინაციას ყველასთან. ამიტომ, დარწმუნებული იყავით, არავითარი დაპირისპირება არ არსებობს, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც ქვეყანაში „მწვანე პასპორტი“ გაუქმდა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პრემიერმა გუშინ საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

„რანაირად შეიძლება, რომ ქვეყნის პირველი პირი იყოს ანტივაქსერი, რაც გუშინ ჰედლაინებად მიდიოდა ყველგან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქვეყნის პირველი პირი, ან ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელი, ან მე, ჩემი რომელიმე თანამშრომელი იყოს ანტივაქსერი. გუშინ ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ მივიდეს ყველა 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანი და აიცრას, ამისკენ მოუწოდა მოსახლეობას“, – განაცხადა გამყრელიძემ.