ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, პრაქტიკა და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად „მწვანე პასპორტების“ ფუნქციონირება
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, პრაქტიკა და ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად „მწვანე პასპორტების“ ფუნქციონირება

ჩვენ შევისწავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა, ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად მწვანე პასპორტების ფუნქციონირება და მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეიცვალა მიდგომა, რადგან აზრი დაკარგა მწვანე ბარათის გამოყენებამ და ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა მწვანე პასპორტების მოთხოვნის ვალდებულების გაუქმება.

„მინდა, კომენტარი გავაკეთო, ვინაიდან ესეც გახდა სპეკულირების საგანი და საფუძველი. დაიწყეს უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება, რატომ გავაუქმეთ ე.წ. მწვანე პასპორტები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი, ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება და მუშაობა. რატომ, ძალიან მარტივია. აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ, რადგან იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება, მოგეხსენებათ, რომ „დელტა“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ შემთხვევაში, უმეტესი შემთხვევაა, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ემართება „ომიკრონი“. მე ვარ მაგალითი. მქონდა სხვა შტამი გასულ წელს. ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და მაინც დამემართა „ომიკრონი“, თუმცა გეტყვით, რომ მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აბსოლუტურ შემთხვევებში აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, ამ „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ. ამიტომ, ჩავთვალეთ საჭიროდ ამის გაუქმება.

მეორე მხრივ, გავაგრძელეთ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 50 წლის ზემოთ ადამიანების აცრა. დაზღვევისა და პრევენციის მიზნით. განსაკუთრებით ვინც ასაკშია და ვისაც აქვს თანმდევი დაავადებები, რომ არ გაურთულდეთ ეს ვირუსი. სხვა დანარჩენი არის სრული კონტროლის ქვეშ. ევროპის ქვეყნებმა, ამერიკამ, ყველამ გახსნეს და არავინ აღარ ფიქრობს შეზღუდვებზე. პირიქით – ჩვენ ერთი მხრივ უნდა ვმართოთ სიტუაცია და გვქონდეს მაქსიმალური კონტროლი, მეორე მხრივ, უნდა შევუწყოთ ხელი ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას და აღდგენას. ძალიან კარგი შედეგი გვქონდა შარშან. ეკონომიკური ზრდა გვქონდა 10,6 პროცენტი, წელს კიდევ გვინდა, ძლიერი შედეგი გვქონდეს. ამას სჭირდება ძალიან მშვიდად შეგუება და თანაცხოვრება ამ პანდემიასთან. ვაქცინაცია უნდა დავაჩქაროთ, წავახალისოთ კიდევ ერთხელ ეს კამპანია. 50 წელს ზემოთ პირებს ვუხდით 200 ლარს აცრებში, ბუსტერდოზის შემთხვევაში კი, დამატებით 100 ლარს ვუხდით. ვფიქრობ, ეს კამპანიაც უნდა გაფართოვდეს და ამის თაობაზე ზურაბ აზარაშვილი აქტიურად მუშაობს. რეგიონებში უნდა ჩავიტანოთ ვაქცინებიც და განსაკუთრებით ამ ჯგუფებზე უნდა მოხდეს მეტი ყურადღების გადატანა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.