ამირან გამყრელიძე - მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირება ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ
ამირან გამყრელიძე - მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირება ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. ამის შესახებ გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება გრძელდება და კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.

„დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან. ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს კიდევ ფართოვდება მესტიასა და რამდენიმე სოფელში. გრძელდება გაფართოებული ტესტირება და ვფიქრობთ, ყოველდღიურად 800-900 ადამიანი გამოვიკვლიოთ. გვინდა, რომ ამ კვირის ბოლომდე მთლიანად მუნიციპალიტეტში 4 000 პირი გამოვიკვლიოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში უკვე შესაძლებელია, რომ გადაუდებელ შემთხვევებში „პისიარ“ გამოკვლევა ადგილზე ჩატარდეს.

„გუშინ მესტიის საავადმყოფოს „პისიარ“ აპარატი გადაეცა. მისი გამტარუნარიანობა დიდი არ არის, დღეში შეიძლება მხოლოდ 50-მდე ნიმუშის გაკეთება, მაგრამ იქ, სადაც სწრაფად იქნება კვლევა გასაკეთებელი, გაკეთდება, მაგალითად, თუ ბავშვს ექნება ტემპერატურა და ა.შ. ადგილობრივებმა გაიარეს უკვე ტრენინგი. ანუ გადაუდებელ შემთხვევაში „პისიარ“ ტესტირების ჩატარების საშუალება უკვე ადგილზეა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან, 12 დღის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდებათ და ისე გავლენ კარანტინიდან.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ სოფელსა და ერთ თემში გვაქვს 32 შემთხვევა, სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება. არავითარი პანიკა არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება ეპიდემიოლოგებს. ადამიანების ტესტირებისთვის გამოყვანა ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტში გუშინ 800-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.