ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 28 ქართველი ჯარისკაცის ინფიცირების წყარო დიდი ალბათობით ავღანელი სამხედრო მოსამსახურეა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 28 ქართველი ჯარისკაცის ინფიცირების წყარო დიდი ალბათობით ავღანელი სამხედრო მოსამსახურეა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, საქართველოში ავღანეთიდან გადმოყვანილი 28 სამხედრო ავღანელი სამხედრო მოსამსახურისგან დაინფიცირდა.

მისივე თქმით,28-ვე სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„28 ინფიცირებული ჯარისკაცის კლინიკური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. გუშინ გვიან ღამით 28 ქართველი სამხედრო, რომელიც ავღანეთში დაინფიცირდა, სპეციალური თვითმფრინავით იყო გადმოყვანილი.

დიდი ალბათობით, ავღანელი მოსამსახურისგან არის დაინფიცირების წყარო. მოგეხსენებათ, ავღანეთი დღეს მიეკუთვნება მაღალი გავრცელების ქვეყანას კორონავირუსული ინფექციის თვალსაზრისით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულ სამხედროებს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ.

„ყველა მათგანი გადაყვანილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში. დღეს განმეორებით აუღებენ მათ ბიოლოგიურ ნიმუშებს „პისიარ“ ტესტირებისთვის და შემდგომი მკურნალობა და მართვის ტაქტიკა განისაზღვრება შესაბამისად“, – განაცხადა გამყრელიძემ.