ამერიკული სოციოლოგიური კომპანია - ევროპაში ღმერთის ყველაზე მეტად საქართველოსა და სომხეთში სწამთ
ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის ცენტრის (Pew) მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ევროპაში ყველაზე მეტად ღმერთის სომხეთსა და საქართველოში სწამთ.
სომხეთში გამოკითხულთა 79% აცხადებს, რომ ღმერთის არსებობის მტკიცედ სწამს, ხოლო საქართველოში ანალოგიური პასუხი რესპოდენტების 72%-მა დააფიქსირა. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, საფრანგეთში ღმერთის სწამს კვლევაში მონაწილეთა 11%-ს, შვეიცარიაში 11%-ს და გერმანიაში 10%-ს. ნიდერლანდებში, ბელგიასა და შვედეთში მორწმუნე მოქალაქეთა 50%-ზე ნაკლებია.
კვლევის მიხედვით, დასავლეთ ევროპაში სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი უარყოფს იმ რელიგიას, რომლითაც აღიზარდა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მოქალაქეთა უმეტესობა არ ეთანხმება ეკლესიის პოზიციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰომესექსუალიზმი და აბორტი.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის მორწმუნეთა რაოდენობით პორტუგალია ლიდერობს. ყოველი 10 პორტუგალიელიდან სამი აცხადებს, რომ ღმერთის არსებობის სჯერა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი მორწმუნე არის უნგრეთში, ესტონეთსა და ჩეხეთში. ბებერ კონტინენტზე გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ ხელისუფლება და ეკლესია გამიჯნული უნდა იყოს. ამ შეხედულებას უფრო მეტად ემხრობიან დასავლეთ ევროპაში, ვიდრე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში. მაგალითად, რუმინეთში მიიჩნევენ, რომ მთავრობამ რელიგიური ღირებულებები და რწმენა უნდა წაახალისოს.