ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი - დემოკრატები მზად იყვნენ, დაეპატიმრებინათ შვილთან მოთამაშე მამა, ახლა კი მოძალადე აქტივისტების დაკავების წინააღმდეგ გამოდიან
ამერიკელი სენატორი ტედ კრუზი აცხადებს, რომ დემოკრატიული პარტიის წევრები მზად იყვნენ, სოციალური დისტანციის დარღვევისთვის დაეპატიმრებინათ მშობლები, რომლებიც შვილთან თამაშობენ, მაგრამ მოძალადე აქტივისტების დასჯას და დაკავებას არასწორ პოლიტიკად აფასებენ.
„ავტორიტარი დემოკრატი ლიდერები მზად იყვნენ, დაეპატიმრებინათ კანონმორჩილი მოქალაქეები ეკლესიასა და პარკებში, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მოძალადე დემონსტრანტებს და მძარცველებს, მაშინ იგივე ლიდერები ამბობენ, რომ ეს ცუდი პოლიტიკაა“, – აცხადებს ტედ კრუზი.
მისივე თქმით, აშშ-ის მოქალაქეებს აქვთ უფლება, მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი. თუმცა, ძალადობა მიუღებელია.
„თქვენ არ გაქვთ უფლება, გაძარცვოთ მაღაზიები, ჩაერთოთ ძალადობაში, არ გაქვთ უფლება, ჩაამსხვრიოთ მაღაზიების ვიტრინები და დაწვათ პოლიციის მანქანები. ძალადობა და ტერორიზმი, რომელსაც ქვეყნაში ვხედავთ, მიუღებელია და პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქვეყნის მმართველებს: პრეზიდენტს, გენერალურ პროკურორს, მაგრამ ასევე გუბერნატორებს, მერებს, პოლიციის უფროსებს. მათ უნდა დაიცვან მოქალაქეები“, – განაცხადა კრუზმა.
მისივე თქმით, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი იყო პოლიციის ძალადობა და სამართალდამცველებმა უნდა აგონ. მაგრამ, ამავე დროს სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის, „ანტიფას“ მიერ აქციების საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად გამოყენება დაუშვებელია და ამას ხელისუფლება წინ უნდა აღუდგეს.
ამასთან, კრუზის თქმით, დემოკრატი პოლიტიკოსების ნაწილი შექმნილ მდგომარეობას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
„გუბერნატორების ნაწილი მზად იყო, პოლიცია გაეგზავნა, რათა დაეპატიმრებინა მამა, რომელიც ექვსი წლის შვილთან ბურთს თამაშობდა და დაეკეტა ეკლესია, რომელიც ბედავდა ღვთისმსახურების ჩატარებას. მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს ძალადობასთან აქტივისტების მხრიდან, ბევრი პოლიტიკურ თამაშებშია ჩართული და აძლევს უფლებას, რომ ეს ძალადობა გაგრძელდეს. ეს არასწორია“, – განაცხადა ტედ კრუზმა.