ამერიკელი სენატორები - ალექსანდრ პროკოპჩუკის ინტერპოლის ახალ ხელმძღვანელად არჩევა იგივეა, რაც საქათმეში მელას შეშვება
ამერიკელ სენატორთა ჯგუფი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გამოიყენოს თავისი გავლენა, რომ რუსეთის წარმომადგენელმა ალექსანდრ პროკოპჩუკმა ინტერპოლის ხელმძღვანელის პოსტი არ დაიკავოს. შესაბამისი მიმართვის ტექსტი დემოკრატმა სენატორმა ჯენ შაჰინმა. წერილის ხელმომწერებს შორის ასევე არიან რესპუბლიკელები მარკ რუბიო და როჯერ ვიკერი, ასევე დემოკრატი კრის კუნსი.
„გენერალ-მაიორის ალექსანდრ პროკოპჩუკის ინტერპოლის ახალ ხელმძღვანელად არჩევა იგივეა, რაც საქათმეში მელას შეშვება. რუსეთი მუდმივად ბოროტად იყენებს ინტერპოლს პირადი ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, დისიდენტებისა და ჟურნალისტების დევნისთვის. ალექსანდრ პროკოპჩუკი პირადად იყო ჩართული დაშინების სტრატეგიაში, რომელიც მიმართულია პუტინის ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებისკენ“, – ნათქვამია სენატორების განცხადებაში.
სენატორები მოუწოდებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, გამოიყენოს აშშ-ის გავლენა, რომ ვლადიმერ პუტინმა და სხვა დიქტატორებმა ინტერპოლი თავიანთი მიზნებისთვის ვერ გამოიყენონ.
ბრიტანული გამოცემა Times-ის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენელი გენერალ-მაიორი ალექსანდრ პროკოპჩუკი შესაძლოა, ინტერპოლს ჩაუდგეს სათავეში. ის ამჟამად ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია და მისი მთავარი მეტოქე სამხრეთ კორეის წარმომადგენელი, კიმ ჩენ იანია.
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის – ინტერპოლის წევრებმა ახალი ხელმძღვანელი 21 ნოემბერს უნდა აირჩიონ.
ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, მენ ჰუნვეიმ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქრთამის აღებასა და კანონის დარღვევაში დასდო ბრალი.