ამერიკელი სამხედროების სირიიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესმენების ნაწილი აკრიტიკებს
ამერიკელი სამხედროების სირიიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესმენების ნაწილი აკრიტიკებს

აშშ-ში კონგრესმენების ნაწილი ამერიკელი სამხედროების სირიიდან გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

კანონმდებლები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ეს ნაბიჯი რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენას გააძლიერებს. აღნიშნული შინაარსის წერილით სენატორებმა  აშშ-ის პრეზიდენტს მიმართეს.

„როგორც ვიცით, ირანმა და რუსეთმაც, სირიაში კონფლიქტი გავლენის გაძლიერებისთვის გამოიყენეს“ – აცხადებენ სენატორები. წერილის ხელმომწერებს შორის არიან ლინდსი გრეჰემი, ჯინ შაჰინი, ანგუს კინგი და მარკო რუბიო.

„ნებისმიერ სისუსტეს, რომელსაც აშშ გამოიჩენს, რუსეთი და ირანი საკუთარი გავლენის გასაზრდელად გამოიყენებენ და რეგიონში წარმომადგენლობას გაზრდიან. ამასთან ერთად, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნდობა ჩვენს მიმართ შემცირდება“, – აცხადებენ ამერიკელი კონგრესმენები.

სენატორების თქმით, ამერიკელი სამხედროების გაყვანა სირიიდან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრებს აწყობთ.

„სირიაში დარჩენილი „ისლამური სახელმწიფოს წევრები რეგიონში აქტივობას გააძლიერებენ. გარდა ამისა,   სირიის პრეზიდენტს საშუალება მიეცემა, საკუთარი მმართველობა განამტკიცოს“,- – ნათქვამია სენატორების წერილში.

შეგახსენებთ, 19 დეკემბერს დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის ბრძანება გასცა.