ამაზონის ჯუნგლების ბინადარ ორ ტომს მსოფლიოში დემენციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს — მეცნიერები მიზეზების დადგენას ცდილობენ #1tvმეცნიერება

15:59, 21.09.2026

მიჩნეულია, რომ ბოლივიის ამაზონის რეგიონის გარესამყაროსგან მოწყვეტილ ორ ადგილობრივ საზოგადოებას დემენციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მთელ მსოფლიოში.

მკვლევრები ეჭვობენ, რომ სისხლძარღვთა პრობლემებისა და კოგნიტური დაქვეითებისგან მათ რაღაც მათივე ცხოვრების წესთან დაკავშირებული უნდა იცავდეს.

ციმანესა და მოსეტენის ხალხის ხანდაზმულ ადამიანთა ჯანმრთელობას ახალ კვლევაში ხუთი წლის განმავლობაში მეთვალყურეობდნენ და რაღაც გასაოცარს მიაგნეს.

შემდგომ ანალიზებში დადგინდა, რომ მონაწილეთა ორ პროცენტზე ნაკლებს ჰქონდა დემენცია, მაჩვენებელი, რომელიც მეცნიერთა განცხადებით „საოცრად დაბალია“.

ამის მიზეზი ნაწილობრივ ის არის, რომ ზოგიერთ, ვისაც დემენცია განუვითარდა, დაიღუპა. თუმცა, საერთო ჯამში, დემენციის ახალ შემთხვევათა რაოდენობა ამ ხუთ წელიწადში ზომიერად დაბალი იყო აშშ-სა და ევროპაში ჩატარებულ ბევრ კვლევასთან შედარებით.

ეს იმას ნიშნავს, რომ დემენციის გაჩენის შემდეგ სიცოცხლის ხანმოკლეობა ერთადერთი ახსნა არ არის.

ამ შორეულ საზოგადოებებთან შედარებით, აშშ-სა და ევროპაში დემენციის მაჩვენებელი 3-4-ჯერ მაღალია.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე უბრალოდ იმაში არაა, რომ დემენციის განვითარების შემდეგ ადამიანები დიდხანს ვერ ცოცხლობენ; ციმანეს ცხოვრების წესში არსებული რაღაც განაპირობებს დემენციის იმაზე დაბალ მაჩვენებელს, ვიდრე ეს აშშ-შია“, — განმარტავს არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგი და ბიოლოგი ბენ ტრამბლი.

კვლევაში ტრამბლი და მისი კოლეგები მეთვალყურეობდნენ ციმანესა და მოსეტენის ტომების 370 ადამიანის ჯანმრთელობას, რომლებსაც საწყისი შეფასებისას დემენცია არ ჰქონდათ.

ხუთი წლის განმავლობაში, ამ ადამიანთაგან მხოლოდ 22-ს განუვითარდა დემენცია და ზოგიერთი მათგანი გარდაიცვალა.

ჯგუფი ვარაუდობს, რომ საარსებო საშუალებათა ცხოვრების წესი, რომელიც განაპირობებს სისხლძარღვთა დაბალ რისკფაქტორებს, შეიძლება უჩუმრად იცავდეს ამ ხალხის თავის ტვინის ჯანმრთელობას.

ციმანეს ტომში დაახლოებით 17 000 ადამიანია, რომლებიც ფიზიკურად დამღლელი საარსებო წესით ცხოვრობენ.

ისინი თევზაობენ, ნადირობენ და მოსავალი მოჰყავთ ამაზონის ერთ-ერთი შენაკადის ნაპირებზე; მინიმალური წვდომა აქვთ ელექტროენერგიაზე, სუფთა წყალზე, კანალიზაციასა და მედიკამენტებზე.

მოსეტენის ტომის მოსახლეობა კი დაახლოებით 3000 ადამიანია; ცხოვრობენ სოფლებში და დამოკიდებული არიან საარსებო შრომაზე, ძირითადად სოფლის მეურნეობაზე.

ეს საზოგადოება გენეტიკურად და ლინგვისტურად ციმანეს ენათესავება, მაგრამ უფრო თავისუფლად ფლობდნენ ესპანურს და აქვთ წვდომა სუფთა წყალზე, მაღაზიაში ნაყიდ საკვებზე და სამედიცინო სერვისებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე საზოგადოებას დასავლურ პოპულაციებთან შედარებით მსუბუქი კოგნიტური დარღვევა ჰქონდა, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათში დემენციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნაწილებში, ისევე როგორც კორონარული არტერიების კალციფიკაციის მაჩვენებლები.

„ეს გვაიძულებს, გამოვავლინოთ ციმანეს პოპულაციაში დემენციის განვითარების რისკფაქტორები“, – ამბობს კვლევის ავტორი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გერონტოლოგი მარგარეტ გაცი.

ციმანესა და მოსეტენის საზოგადოებებში, გაცმა და მისმა კოლეგებმა ახლა დაადგინეს, რომ ხანდაზმული ასაკი და გენეტიკური ვარიანტი, სახელად აპოლიპოპროტეინ E ε4 ალელი — დემენციის ახალ შემთხვევათა ყველაზე ძლიერი რისკფაქტორები იყო.

ზუსტად ისინია ბიოლოგიური (არა ცხოვრების წესის) რისკფაქტორები აშშ-სა და სხვა ინდუსტრიალიზებულ, მაღალშემოსავლიან ქვეყნებშიც.

ეს იმაზე მიუთითებს, რომ დემენციის შედარებით დაბალი გავრცელება ციმანესა და მოსეტენის საზოგადოებებში შეიძლება იმით აიხსნას, რომ იქ დემენციით დაავადებული ხანდაზმულები არც ისე ბევრნი არიან.

ამ მიყრუებულ ტომებში დემენციის პაციენტები სიკვდილის რისკის წინაშე ექვსჯერ მეტად დგანან, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანები.

დემენციის დიაგნოზის შემდეგ, გადარჩენის მაჩვენებელი საშუალოდ სამჯერ დაბალი იყო, ვიდრე აშშ-ში.

„როცა უნდა მოიყვანო, შეაგროვო ან მოინადირო თითოეული კალორია, რომელსაც ჭამ, დემენცია შეიძლება სწრაფად გახდეს სიცოცხლისთვის სახიფათო, რადგან მას თან მიაქვს ის დამოუკიდებლობა, რაც ყოველდღიური გადარჩენისთვისაა საჭირო“, — განმარტავს ტრამბლი.

თუმცა, ასაკი, გენეტიკა და დემენციით სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთლიან სურათს ვერ ხსნის.

საინტერესოა, რომ როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ციმანესა და მოსეტენის თემებში დემენციის შემთხვევათა უმრავლესობა არ შეესაბამება ალცჰაიმერის დაავადების ტიპურ სურათს.

სამაგიეროდ, დემენციის ბევრ პაციენტს ჰქონდა პარკინსონის სიმპტომები და სისხლძარღვთა დაავადების ნიშნები ან ინსულტის რისკი.

„კოგნიტური დარღვევების ან დემენციის მქონე ციმანეს ხალხის უმრავლესობაში ტვინის ატროფიის სურათი არ შეესაბამება ალცჰაიმერის დაავადებისთვის დამახასიათებელ ნიმუშს. ამის ნაცვლად, არის ცვლილებები, რომლებიც მიუთითებს კოგნიტურ დარღვევებსა და დემენციაში სისხლძარღვოვანი ფაქტორების მონაწილეობაზე“, — ამბობს გაცი.

სისხლში ტვინის ბიომარკერების პირველადმა ანალიზმა გამოავლინა „ნეიროდეგენერაციისა და ნეიროანთების ძლიერი მინიშნება“ დემენციის მქონე მონაწილეებში, რაც ავტორთა განცხადებით, „შეიძლება ასახავდეს თავის ტვინის სისხლძარღვოვან დაზიანებას“.

ეს დასკვნები ვარაუდის დონეზე რჩება, ვიდრე მეცნიერები დამატებით კვლევებს არ ჩაატარებენ.

თუმცა, ავტორები ეჭვობენ, რომ „საარსებო ცხოვრების წესი შესაძლოა, დემენციის საწინააღმდეგოდ იყოს მიმართული — დემენციის ისეთი ჩვეულებრივი, მოდიფიცირებადი რისკფაქტორების დაბალი ზემოქმედება, როგორიცაა სიმსუქნე, ჰიპერტენზია, დიაბეტი და ფიზიკური უმოქმედობა“.

ეს მარტივად და ლოგიკურად ჟღერს, თუმცა ციმანესა და მოსეტენის ტომებში ჩატარებულმა კვლევებმა ჯერჯერობით ვერ დაადასტურა, რომ უკეთესი მეტაბოლური ჯანმრთელობის მქონე პირებს დემენციის განვითარების ნაკლები რისკი აქვთ.

შესაძლოა, შედეგებს ამახინჯებდეს ცხოვრების წესთან დაკავშირებული სხვა ფაქტორები.

მიუხედავად იმისა, რომ ციმანესა და მოსეტენის ხალხის კვების რაციონი მდიდარია ბოჭკოთი, ღარიბი შაქრითა და ნაჯერი ცხიმებით და აქვთ ფიზიკური აქტივობის მაღალი დონე, მაღალია დიდი ოდენობით პათოგენის ზემოქმედება, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ანტიბიოტიკებზე, თითქმის არაა ვაქცინაცია და ეს ყველაფერი შეიძლება ზრდიდეს დემენციის რისკს.

რა იცავს რეალურად ალცჰაიმერის დაავადებისგან ამ იზოლირებული მკვიდრი საზოგადოებების წარმომადგენელთა ტვინს, კვლავაც საიდუმლოდ რჩება.

„ჩვენი შემდეგი ნაბიჯია გენეტიკის, ცხოვრების წესის, კვების, სოციალური ჩართულობის, ფიზიკური აქტივობისა და იმუნური ზემოქმედებების ფარდობითი წვლილის გამიჯვნა დემენციის რისკისგან“, — აღნიშნავს ტრამბლი.

მისი განცხადებით, თუკი ისინი შეძლებენ იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც ბოლივიის ამაზონის ხალხს დემენციისგან იცავს და გაარკვევენ მათ მიღმა არსებულ ბიოლოგიურ მექანიზმებს, შეიძლება მოახერხონ ამ ცნობების გამოყენება დემენციის პრევენციის ახალი გზების შემუშავებაში.

კვლევა Alzheimer’s & Dementia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.asu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი