ალუდა ღუდუშაური - წინდით ნიმუშების გატანა შემაშფოთებელია, საჭიროა მკაფიო განმარტება, არა ისეთი, თურმე პოლონელ ექიმს ჯიბის მიმართ პროტესტი აქვს და ყველაფერს წინდით ატარებს
ალუდა ღუდუშაური - წინდით ნიმუშების გატანა შემაშფოთებელია, საჭიროა მკაფიო განმარტება, არა ისეთი, თურმე პოლონელ ექიმს ჯიბის მიმართ პროტესტი აქვს და ყველაფერს წინდით ატარებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონელი ექიმის მხრიდან საჭიროა მკაფიო პასუხი, რა განზრახვასთან გვქონდა საქმე.

მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ, თუმცა მათ მცდელობებს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა.

„წინდით ნიმუშების გატანა შემაშფოთებელია, ამას მკაფიო განმარტება სჭირდება. პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა. მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიცია, რა ფაქტთან და განზრახვასთან გვქონდა საქმე. მაშინ, როცა ეს ვაჟბატონი ქვეყნის სათავეში იყო, პატიმრებთან კომუნიკაციაც კი, წერილების შეგზავნა-გამოტანა დიდი რისკის შემცველი, პრაქტიკულად, აკრძალული იყო. ეს პროცესი დიდ ფილტრს გადიოდა და თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, შემდეგ ხდებოდა კომუნიკაციის დაშვება. სააკაშვილი არის მსჯავრდებული და მასთან კომუნიკაციას აქვს თავისი წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას. უმძიმესი ფაქტია თავისი შინაარსით. ვინც ნიმუში წინდით გამოიტანა, ამას განმარტება სჭირდება, არა ისეთი, თურმე ჯიბის მიმართ პროტესტი აქვს და ყველაფერს წინდით ატარებს. ეს ღიმილის მომგვრელი და შეურაცხმყოფელია. საჭიროა მკაფიო პასუხი, რასთან გვქონდა საქმე. სააკაშვილს სამართლიანი სასჯელის მოხდა ძალიან უჭირს. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გარკვეული ძალები დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილი სასჯელს განარიდონ. მათ მცდელობებს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა. ეს ყველაფერი ამორალურია. როცა სააკაშვილზე ვსაუბრობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ადამიანი სიმართლისგან ისე შორსაა, როგორც ცა და დედამიწა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.