ალუდა ღუდუშაური - ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, დატოვებს საპატიმროს, მარტივი გამოსავალია და ყველანაირი სპეკულაცია, რომ უცხოპლანეტელები, ვიღაც პირები უხდიან გირაოს, არასერიოზულია
ნიკა მელია გირაოს გადაიხდის, დატოვებს საპატიმროს, მარტივი გამოსავალია და ყველანაირი სპეკულაცია, რომ უცხოპლანეტელები, ვიღაც პირები უხდიან გირაოს, არასერიოზულია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„უცხოპლანეტელები რომ მოვიდნენ და ნიკა მელიას გირაო გადაუხადონ, ამ შემთხვევაში, როგორ დადგება საკითხი? – ასეთი სპეკულაციები დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს. არ ვიცი, ეს ბატონი ვინ არის, ვის რას უხდიან. მარტივი მოცემულობაა, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება. პრაქტიკულად, მას აქვს თავისი საკნის კარის გასაღები ჯიბეში. გირაოს გადაიხდის, დატოვებს საპატიმროს. აქ მარტივი გამოსავალია. სხვა ყველანაირი სპეკულაცია, რომ უცხოპლანეტელები, იქს და იგრეკ პიროვნებები უხდიან, არასერიოზულია. ეს ყველაფერი ხელოვნური იყო და ხელოვნურად ცდილობდნენ, როგორმე ტემპერატურა აეწიათ და ის გაეკეთებინათ, რაც მიხეილ სააკაშვილისგან აქვთ დაკვეთა, რომ როგორმე სიტუაცია არიონ ქვეყანაში ნებისმიერ ფასად. საქართველო იმ ფორმაში არ არის, რომ ამ ბატონებს ქვეყნის არევის საშუალება მისცეს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიღეს წერილი, რომლის თანახმადაც, ბოგველმა მიმართა პროკურატურას და მზადყოფნა გამოთქვა, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაო გადაიხადოს. როგორც ადვოკატი ამბობს, „დიდი ალბათობით, ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია“.