ალუდა ღუდუშაური - გახარიას გუნდის მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნა ჰგავს მოქმედებას, როდესაც წყალწაღებული ადამიანი ხავსს ეჭიდება
ალუდა ღუდუშაური - გახარიას გუნდის მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნა ჰგავს მოქმედებას, როდესაც წყალწაღებული ადამიანი ხავსს ეჭიდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, გახარიას გუნდის მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურისადმი მიმართვა ცხადყოფს, რომ ლეგიტიმური ბრალდებების გადაფარვას ცდილობენ.

მისივე თქმით, საზოგადოებას სჭირდება, რომ მათი მხრიდან კონკრეტულ კითხვებზე იყოს პასუხი გაცემული.

„მათი მოქმედება ცხადყოფს, რომ ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის ლეგიტიმური ბრალდებები, რომლებიც მათი მისამართით ისმის. ვიდრე აღნიშნულ განცხადებას პროკურატურაში შეიტანდნენ, იქნებ მანამდე საზოგადოებას კარი გაუხსნან და ანახონ, ეს პარტია საიდან ფინანსდება.

ასევე, იმ შეკითხვებს გასცენ პასუხი, განსაკუთრებით გახარიამ, თუ რისთვის სჭირდებოდა ის ორი დღე, როდესაც ითხოვდა გუნდისგან, რომ ორი დღე შეყოვნებულიყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. საზოგადოებას აუხსნან მათი თამაშის მანერა და მოქმედება დროსა და სივრცეში როგორ ემთხვეოდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებს. პასუხი ამ კითხვებზე გასცენ და ამის შემდეგ გააკეთონ განცხადებები, რომლებსაც გამოძიების დაწყებაზე ვისმენთ. პროკურატურაში კამერების წინ პოპულისტურად გამოძიების დაწყების მოთხოვნა მათი მხრიდან იმ მოქმედებას ჰგავს, როდესაც წყალწაღებული ადამიანი ხავსს ეჭიდება. მანამდე შეკითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი. საზოგადოებას კონკრეტულ შეკითხვებზე მათი კონკრეტული პასუხები სჭირდება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.

დატოვე კომენტარი