ალუდა ღუდუშაური - გახარიას და მისი გუნდის მოქმედება არის სინქრონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმაც საჭიროდ ჩათვალა, მკაფიოდ გაევლო ხაზი
ალუდა ღუდუშაური - გახარიას და მისი გუნდის მოქმედება არის სინქრონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმაც საჭიროდ ჩათვალა, მკაფიოდ გაევლო ხაზი

ბიძინა ივანიშვილს მოუწია განცხადების გაკეთება იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ უკვე მასშტაბური ხასიათი მიიღო გახარიას და მისი გუნდის წევრების მიერ ირიბად თუ პირდაპირ იმის მტკიცებამ, რომ არიან აფილირებულები „ქართულ ოცნებასთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას მოქმედება, როდესაც პოსტი დატოვა, გუნდისთვის ღალატის ტოლფასი იყო.

„გახარიას და მისი გუნდის მოქმედება არის სინქრონში „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამიტომ როგორც ჩანს, ბატონ ბიძინასაც მოუწია, ეს განცხადება გაეკეთებინა. საჭიროდ ჩათვალა, რომ მკაფიოდ გაევლო ხაზი. დიახ, გახარიას მოქმედება, როდესაც მან დატოვა პრემიერის პოსტი, გუნდისთვის ღალატის ტოლფასი იყო. ეს არის მკაფიო და ყველასთვის ცხადზე ცხადი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას, ღუდუშაურის შეფასებით, გახარია და მისი გუნდი  მათივე ქმედებების გამო უხერხულ მდგომარეობაშია.

„ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია თვითონ გახარია და მისი გუნდიც მათ მიერ გაკეთებული განცხადებებისა და განსაკუთრებით მათი მოქმედებებით. ამიტომ ბუნებრივია, ცდილობენ, გადაფარონ თავიანთი მოქმედება, რომელიც პირდაპირ კორელაციაშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“. გახარიას გადადგომა დაკავშირებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ ბრალდებულ მმართველთან ნიკა მელიასთან. როდესაც ქვეყნის საჭიროებებს და გამოწვევებს სასწორის ერთ პინაზე დებ და ამავე დროს, სასწორის ერთ პინაზე დებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური ხელმძღვანელის ბრალდებულ ნიკანორ მელიას ინტერესებს, ამით პრაქტიკულად ყველაფერია ნათქვამი. გახარია უარს ამბობდა სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებაზე.  გახარიას პოზიცია იმთავითვე, როდესაც მან გადაგომის განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, პირდაპირ ნაკარნახევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში, როგორ აიხსნება ის გარემოება, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ტოვებს თანმდებობას იმიტომ, რომ სასმართლოს კანონიერი გადაწყვეტილება არ აღასრულოს“, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.