ალმათის პოლიციაში ადასტურებენ, რომ სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე ემსხვერპლა
ალმათის პოლიციაში ადასტურებენ, რომ სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე ემსხვერპლა

ყაზახეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ალმათის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს. მისი თქმით, მიმდინარეობს გარდაცვლილთა იდენტიფიცირება.

როგორც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელი განმარტავს, აღნიშნული პირები პოლიციის დეპარტამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

რაც შეეხება სამართალდამცველი და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მხრიდან მსხვერპლს, დაღუპულია რვა და დაშავებულია 317 თანამშრომელი.

გასული ღამის განმავლობაში ალმათიში ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თოყაევმა აქციის მონაწილეებს ტერორისტები უწოდა და მათი თავდასხმა ყაზახეთზე აგრესიის ფაქტად შეაფასა, ქალაქის ქუჩებში სამხედროები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

დილის საათებში კი ალმათის მერიასთან სროლის ხმა ისმოდა. მოგვიანებით, სამხედროებმა რესპუბლიკის მოედანს ალყა მოხსნეს და ტერიტორია დატოვეს. ასევე, ღამის განმავლობაში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების მიერ დაკავებული ალმათის აეროპორტის გათავისუფლება შეძლეს.

ნურ-სულთანში კი ვითარება შედარებით მშვიდია. სახელმწიფო დაწესებულებები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. ქვეყანაში კვლავ გათიშულია ინტერნეტი. ფუნქციონირება შეწყვიტეს ბანკებმა.

ალმათიში განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა.