„უდინეზემ“ ოფიციალურად გამოაცხადა 35 წლის ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის გაფორმების შესახებ. ფეხბურთელმა სერია A-ს კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ეს არის ისტორიის სრული წრე: კლუბი თავის ოჯახში იბრუნებს უდიადეს ტალანტს, რომელიც ჩვენი სკაუტების განყოფილებამ აღმოაჩინა.
ჩვენ ისევ ვხვდებით ერთმანეთს 13 წლის შემდეგ. ის კვლავაც ძლიერი და როგორც არასდროს შემართული და მებრძოლია, რათა კლუბთან ერთად მიაღწიოს ახალ წარმატებას. საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა, წიგნში კიდევ ბევრი ფურცელია, რომელიც უნდა შეივსოს. ჩვენ ისევ ერთად დავწერთ ისტორიას. დაბრუნებას გილოცავთ“, – წერია „უდინეზეს“ პრესსამსახურის განცხადებაში.
ალექსის სანჩესი „უდინეზეში“ 2006-11 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 112 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 21 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 2011 წელს სანჩესი „უდინეზედან“ „ბარსელონაში“ გადავიდა.