ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებულმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა, ალექსი ახვლედიანმა მედიასთან ისაუბრა იმის შესახებ, როგორ აღმოჩნდა თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში მის სახლში და რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან.
„შევეცდები, დეტალურად მოგიყვეთ ის დღე. დაახლოებით, საღამოს 17:00 საათზე დამიკავშირდა თორნიკე, ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები. მეგობრების გარდა, ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა ყოველთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ჩვენ ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. მეორე დღეს ორშაბათი იყო, აქ თათბირი მქონდა და მთხოვა, ხვალ მაინც მიდიხარ, მოდი, ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ და შემდეგ გვიან წამოვიდეთო. 18:00 საათზე გაუარა ჩემმა მძღოლმა და წავედით საგარეჯოში. ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი და მძღოლი. დაახლოებით ერთ საათში, საათ-ნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე, დის ქმარი დავითი. იყო ჩვეულებრივი, მეგობრული ვახშამი.
ბევრი ადამიანი დაადასტურებს, რომ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ უნდა წასულიყო თანამდებობიდან, რადგან მიიჩნევდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ბევრჯერ აქვს ნათქვამი, უკვე ჩემს თავსაც ვამჩნევ, იმ შემართებით ვერ ვარ და ა.შ. 2024 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში როდესაც მქონდა საშუალება, ყოველთვის დავდიოდით შეხვედრებზე ერთად და ამბობდა, ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებ, უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანაო. დიდი სურვილი ჰქონდა, თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. მისი გათავისუფლება როცა მოხდა, რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში. როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა, დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში, რაზეც მიიღო თანხმობა. მე ვურჩევდი, ეგება ეთხოვა პრემიერისთვის, რომ, ბრიტანეთის მაგივრად, წასულიყო ჩეხეთში ელჩად, რადგან იცით, მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მაქვს. ძალიან ბევრი სამეგობრო გვყავს, ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი, გაცილებით გაუადვილდებოდა მას იქ, ვიდრე ბრიტანეთში“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ალექსი ახვლედიანმა საგარეჯოს სახლში მომხდარ შემთხვევაზე აღნიშნა: „დილით უნდა წამოვსულიყავით, 08:00 საათზე მყავდა მძღოლი დაბარებული. დავისვენოთო, რომ ვთქვით, გამოვედით და მან მთხოვა, საფერფლე და სიგარეტი მომეციო. სიგარეტი მედო იმ მაგიდაზე, რომელიც დიდ ოთახშია. შევედით, მე მივეცი საფერფლე, ის გავიდა. ამ დროს ტელეფონი დამჯდარი მქონდა, ტელეფონი შევაერთე დასატენად და რამდენიმე წუთში მესმის ტელეფონის ზარი. გამოვედი, დავხედე, თორნიკე რეკავს. ავიღე ყურმილი, ხმა არ გამცა. შემდეგ გავთიშე და გადავურეკე, შეიძლება, კავშირის პრობლემა იყო-მეთქი. გადავურეკე და აღარ იღებდა. რომ არ იღებდა, გამოვედი ინსტიქტურად, გამეგო, რა ხდებოდა“.
ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ გასროლის ხმა არ გაუგია.
ამასთან, ალექსი ახვლედიანმა შესაბამისი კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ მამუკა მდინარაძეს პირადად არ იცნობს და შემთხვევის დღეს მის სახლშიც არ იმყოფებოდა.
„მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და, საერთოდ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი. ბატონ მამუკას დღემდე არ შევხვედრივარ, თვალით საერთოდ არ მყავს ნანახი, სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად, არ ყოფილა“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
როგორც ალექსი ახვლედიანმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძეზე რაიმე ზეწოლა არ ყოფილა.
„უმცროსი შვილის, მომსახურე ქალბატონის თანდასწრებით, ჩემი უახლოესი, ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ჰქონოდა ზეწოლა? მე, მამამისს თუ მის სიძეს? თორნიკეს ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება, რომელზეც მუდმივად მქონდა, შეიძლება ითქვას, ხელჩართული ბრძოლა. ვთქვათ, დაიწერა რამე, მას ეჭირა ტელეფონი და უნდა ჩაყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ზუსტად მაგას ვეუბნებოდი, თორნიკე, ეს შენ გადაგიყვანს ჭკუიდან. არ შეიძლება ეს, რადგან მილიონი უსაქმურია, მილიონი გაბოროტებული ადამიანია. ადამიანს, რომელთანაც აქვთ კითხვები, რომელზეც აქვთ ზეწოლა, მას უპირებდნენ ელჩობას? ადამიანზე როცა ახდენენ ზეწოლას, მას ასე თავისუფლად უცხოეთში, თავის ოჯახის წევრებთან განუსაზღვრელი ვადით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე არ უშვებენ. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ალექსი ახვლედიანის თქმით, საგარეჯოში მომხდარ შემთხვევამდე თორნიკე რიჟვაძის მამა გამოკითხვაზე არ ყოფილა.
„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი დავით რიჟვაძე არასდროს არ ყოფილა დაკითხვაზე. სუს-ში დაბარების მსგავსი მე არ მსმენია“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
რაც შეეხება იმას, თუ ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც თურქეთში გადაიყვანეს, ალექსი ახვლედიანის განმარტებით, მასთან კომუნიკაცია საკმაოდ შეზღუდულია ოჯახის წევრებისთვისაც.
„როგორც მაქვს ინფორმაცია ოჯახიდან, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ცოტა ხნით ბავშვებს აქვთ შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. ბოლო ინფორმაციით, თვალის პრობლემა უფრო გაუმწვავდა, ეტყობა ამ სტრესის შემდეგ, და ალბათ ამ დღეებში თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ამავდროულად, ალექსი ახვლედიანის შეფასებით, მის მიმართ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
„მე არასდროს ღიად იარაღი არ მიტარებია. ყოველთვის იდო დახურულ ჩანთაში, დახურულ სივრცეში. არც ვიცი დღემდე, რა დროს დაეუფლა ის ჩემს იარაღს“, – განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
ცნობისთვის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი უფროსი ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულის სახით 7 ივლისს დააკავეს. ახვლედიანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარედგინა ბრალი, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. ახვლედიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თორნიკე რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსი ახვლედიანის სახლში.
პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია.