ალექსეი ნავალნის საქმეში ახალი დეტალების გასაჯაროების შემდეგ, რუსეთის ელჩი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმეში ახალი დეტალების გასაჯაროების შემდეგ, გერმანიაში რუსეთის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში მივიდა.
რუსული მედიის ცნობით, შეხვედრაზე ელჩს ნავალნის მოწამვლის შესახებ ახალ ინფორმაციას გააცნობენ და სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდებიან.
გერმანია ნავალნის ორგანიზმში ე.წ. ნოვიჩოკის ნერვული აგენტის აღმოჩენის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებსაც გააცნობს.
20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს. ალექსეი ნავალნი ბერლინში 22 აგვისტოს ჩაიყვანეს.